ხატია დეკანოიძე - იმ ვითარებაში, როცა ქვეყანაში სასწაული გაჭირვებაა, ბორჯომში „ქართული ოცნება“ ხელფასების მომატებას ითხოვდა
ბორჯომის აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მთელი ეს ორომტრიალი იმასთან იყო დაკავშირებული, რომ მათ მერისთვის და სამსახურის უფროსებისთვის ხელფასების გაზრდა უნდოდათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„იმ ვითარებაში, როცა ქვეყანაში სასწაული გაჭირვებაა, აღმასრულებელ ხელისუფლებას, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდათ, რომ ხელფასები მოემატებინათ. დღეს მანიფესტაცია სწორედ ამიტომ გაიმართა, რომ მერსა და სამსახურის უფროსებს ხელფასები მომატებოდათ“, – განაცხადა დეკანოიძემ.
დეკანოიძის განცხადებით, რეალურად, საშტატო ნუსხა იმიტომ ვერ დამტკიცდა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მერისა და სამსახურების უფროსების ხელფასების მომატებას გამალებით ითხოვდნენ და აიპ–ების მუშა–მოსამსახურეების, უბრალო ადამიანების ხელფასებს არავინ ეხებოდა.
მისი თქმით, ბორჯომი ერთადერთი ოლქია, სადაც რეალურად, ოპოზიციამ გაიმარჯვა და საკრებულოს უმრავლესობაშია, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება „ქართული ოცნებითაა“ წარმოდგენილი.
„ქართულ ოცნებას“ დისკომფორტი აქვს, რომ ერთ–ერთი ოლქი, სადაც არჩევნები წააგო და ოპოზიციის დეპუტატები უმრავლესობაშია, მას არ ექვემდებარება. ამიტომ, მმართველობითი რგოლის წევრები მივიდნენ და ოპოზიციის დეპუტატებს თავში ურტყამენ, რომ თავიანთი ხელფასები მოიმატონ. ხვალ ზუგდიდშიც იგივე მოხდება“, – განაცხადა დეკანოიძემ.
როგორც ხატია დეკანოიძემ განაცხადა, მას ასეთი ვითარება აქამდე არ უნახავს, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხელფასის მატებას ითხოვენ და ამის გამო საკრებულოს შენობას ბლოკირებას უკეთებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე აღნიშნა, რომ მან კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო, თუ რატომ არ იყო პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე და რატომ ჰქონდათ მათ პირდაპირი მითითება, რომ პროცესში არ ჩარეულიყვნენ, როცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბორჯომში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე ძალადობდნენ.
„12 საათის განმავლობაში შენობაში არავინ გამოჩენილა და სად იყო საპატრულო პოლიცია, ან უბნის ინსპექტორი მაშინ, როცა ბაკურიანის გამგებელი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს უკნიდან გამალებით მივარდა და პარლამენტის დეპუტატს ჩაარტყა?! შემიძლია, ეს კადრები გაჩვენოთ, რაც ტელეფონში მაქვს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.