ხატია დეკანოიძე - გიორგი მარგველაშვილისთვის ძალიან კარგი იქნებოდა, სააკაშვილი შეეწყალებინა, მაგრამ, ვფიქრობ, მან ეს შანსი ხელიდან გაუშვა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილისთვის კარგი იქნებოდა, მიხეილ სააკაშვილი შეეწყალებინა.
აღნიშნული კომენტარით დეკანოიძე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყოფილი თანამდებობის პირების განცხადებას, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა გამოაქვეყნა.
დეპუტატის თქმით, მარგველაშვილმა სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.
„გიორგი მარგველაშვილის წერილზე, მინდა, ვთქვა, რომ გიორგი მარგველაშვილისთვის ძალიან კარგი იქნებოდა, მიხეილ სააკაშვილი შეეწყალებინა და ეს ბერკეტი გამოეყენებინა, ამიტომ ახლა მესმის ამ წერილის შინაარსი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მან ეს შანსი გაუშვა ხელიდან“, – აღნიშნა დეკანოიძემ.
გარდა ამისა, დეკანოიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, გიორგი მუმლაძის განცხადებაზე, რომ დღეიდან პრეზიდენტის სასახლესთან პერმანენტული აქციები დაიწყება.
დეკანოიძის თქმით, პროტესტი ყველამ თავისებურად უნდა გამოხატოს.
„როგორ შევაფასებდით პერმანენტული აქციის იდეას? დაიწყოს აქცია, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. შევუერთდებით თუ არა? დაიწყოს, ნებისმიერი სახით პროტესტი უნდა გამოიხატოს. ჩემი მეგობრები შიმშილობენ და 40-კილოგრამიანი გოგო, ახალგაზრდა პოლიტიკოსი, ბრწყინვალე ქალი, ძალიან აქტიური, შიმშილობს, დათო შიმშილობდა, თემური შიმშილობს. რა თქმა უნდა, შიმშილობისკენ არავის მოვუწოდებ, მაგრამ ყველამ პროტესტი თავისებურად უნდა გამოხატოს, მათ შორის იმ ადამიანებმა, რომლებიც აღშფოთებას მხოლოდ სოციალურ ქსელებში გამოხატავენ. ამიტომ პროტესტი მისი სრული უფლებაა და დარწმუნებული ვარ, აღნიშნულს ამბობს მუმლაძე გულითადად“, – განაცხადა დეკანოიძემ.
კითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ სრულად შეუერთდება თუ არა აქციას, დეკანოიძემ აღნიშნა, „ვისაც ექნება სურვილი, შეუერთდეს, შეუერთდება“.