ხატია დეკანოიძე - გიორგი გახარია იყო „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზის მენეჯერი და ახლა რაღაც აბსურდულ ბრალდებებს ვისმენთ
გიორგი გახარია იყო „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზის მენეჯერი და ახლა რაღაც აბსურდულ ბრალდებებს ვისმენთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა , ხატია დეკანოიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
დეკანოიძის შეფასებით, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ჩამოშლილი და შეშინებულია.
„რთულია ამაზე სერიოზულად ისაუბრო. ესაა ზუსტად ის მოცემულობა „ქართულ ოცნებაში“, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვუყურებთ – ჩამოშლილი, დანაწევრებული „ოცნება“ და შეშინებული წარმომადგენლები. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გიორგი გახარია იყო სიის პირველი ნომერი, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზის მენეჯერი და ახლა ჩვენ რაღაც აბსურდულ დამოკიდებულებას და ბრალდებებს ვისმენთ. ესაა ერთი სცენარი, მათ იციან, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე 43 პროცენტის მოპოვება ძალიან გაუჭირდებათ, დაშლილები, დანაწევრებულები არიან, საერთაშორისო ასპარეზზე გაკოტრებული იმიჯი აქვთ. შესაბამისად, იმავე განცხადებებს აკეთებენ, რასაც ჩვენ ვისმენდით. სერიოზულ პოლიტიკოსს კობახიძის ამ განცხადებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გაუჭირდება, მაგრამ უკვე შეურაცხყოფას აყენებენ საკუთარ ამომრჩეველსაც კი. ამიტომ შეშინებული „ქართული ოცნება“ ყველანაირად ცდილობს, საკუთარი თავი გაამრთელოს. მე მხოლოდ ეს დავინახე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ 17 თებერვალს, გიორგი გახარიას გადადგომამდე ერთი დღით ადრე, კიევიდან მიიღეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმასთან დაკავშირებით ალტერნატიული მთავრობის ფორმირებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სარფიდან შემოსვლის შესახებ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, გიორგი გახარია, მათთვის სრულიად გაუგებარი მოტივით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის ორი-სამი დღით გადადებას ითხოვდა, რის შემდეგაც, მმართველ გუნდს მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდა და კიევიდან მიღებული ინფორმაცია არ გაანდეს.