ხატია დეკანოიძე - გეოპოლიტიკურ, მოქალაქეების დამსახურების ჭრილში სტატუსი შესაძლებელია, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს
ხატია დეკანოიძე - გეოპოლიტიკურ, მოქალაქეების დამსახურების ჭრილში სტატუსი შესაძლებელია, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს

საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე დიდებით დაბრუნდა. ევროპარლამენტის მთელი გზავნილები იყო ის, რომ თუ ვინმეს სტატუსი ეკუთვნის, ეს ქართველ ხალხს ეკუთვნის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძე ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ევროპარლამენტის ტრიბუნებიდან გახმოვანებული გზავნილები საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე იყო, რადგან მათ უთხრეს, რომ არ წარმოადგენენ ქართველ ხალხს.

„რა თქმა უნდა, სიმბოლური იყო დროშიანი ქალი. მათთვისაც კი ეს ადამიანი გულის ამაყუჩებელი იყო – ევროკავშირის დროშით ქალი მიდის წინ. ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტის ტრიბუნებიდან გახმოვანებული გზავნილები საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე იყო, რადგან მათ უთხრეს, რომ არ წარმოადგენენ ქართველ ხალხს. რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეს, ნანა მალაშხიას ეკუთვნის სტატუსი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძემ აქვე უპასუხა კითხვას, გუშინდელი განხილვიდან დარჩა თუ არა შთაბეჭდილება, რომ ქვეყანამ, შესაძლოა, სტატუსი მიიღოს.

„ღიად და გულწრფელად ვამბობ, რომ ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჩვენ არ გვაპატიებენ 12 რეკომენდაციის ჩაგდებას და სასიცოცხლო გამოწვევები რომ არ გადავლახოთ, რაც არის სასამართლოს რეფორმა, ადამიანი ციხეში არ უნდა მოკვდეს, მედიამენეჯერი უნდა გამოვუშვათ. გეოპოლიტიკურ და საქართველოს მოქალაქეების დამსახურების ჭრილში თუ იქნება სტატუსი, შესაძლებელია და ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებას მოუწოდონ, კონკრეტულ მოთხოვნებს თუ არ შეასრულებს, კანდიდატის სტატუსი ქვეყანამ ვერ მიიღოს“, – განაცხადა დეკანოიძემ.