ხატია დეკანოიძე - ძალიან მძიმე მოცემულობაა, სააკაშვილის მდგომარეობა უმძიმესია, ასეთი მცირე აქციები, სადაც კონსოლიდაცია ვერ ხერხდება, არ მგონია, რომ განსაკუთრებული შედეგის მომტანია
ფაქტია, რომ ძალიან მძიმე მოცემულობაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კვლავ უმძიმესი და მისი ტრანსფერი დღემდე ვერ მოხერხდა, მცირე აქციები არ მგონია შედეგიანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძეს კითხვა დაუსვეს, რამდენად ამართლებს ლევან ხაბეიშვილი არჩევნების პერიოდში გაცხადებულ აქტიურობას.
„ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა გაესაუბროთ ჩვენს ამომრჩეველს, რადგან რეალურად მათ აირჩიეს ადამიანი, რომელიც არის დღეს თავმჯდომარე. ნამდვილად არ მინდა სხვა სიღრმეებში შესვლა, ფაქტია, რომ ძალიან მძიმე მოცემულობაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კვლავ უმძიმესი და მისი ტრანსფერი დღემდე ვერ მოხერხდა. სიმართლეს გეტყვით, მცირე აქციები არ მგონია შედეგიანი. სულ ამას ვამბობ, არ დამიმალავს, არც საჯაროდ, არც ჩემს კოლეგებთან. ასეთი მცირე აქციები, სადაც კონსოლიდაცია ვერ ხერხდება, არ მგონია, რომ განსაკუთრებული შედეგის მომტანია. მთავარ ბერკეტად მიმაჩნია ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანების კონსოლიდაცია და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებზე ძალიან დაბალი მგრძნობელობა აქვს „ქართულ ოცნებას“. ვითარება ჩემთვის ძალიან მძიმეა, რადგან ვიცი, რამდენად მძიმედაა მიშა ახლა“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძის განცხადებით, საპარლამენტო ბოიკოტი ამ ეტაპზე მისთვის მისაღები არ არის.
„საპარლამენტო ბოიკოტს არ ვემხრობი, რადგან ჩემი მოსაზრებაა, რომ ყველა სივრცე უნდა იყოს ამოვსებული ოპოზიციური ხმით და კრიტიკული აზრით. მე არც თავიდან ვემხრობოდი საპარლამენტო ბოიკოტს, რადგან არ არის შედეგის მომტანი. პარტია უნდა მონაწილეობდეს განხილვებში, მათ შორის ამ მძიმე კანონპროექტების, ასეთია ჩვენი პარტნიორების მოლოდინი და სურვილიც. შეიძლება, შეიცვალოს ვითარება მაშინ, როდესაც მართლაც სხვა განწყობები იქნება, როდესაც შეიძლება, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვიტოს, რომ ერთპარტიული დარჩეს პარლამენტი, ესეც შესაძლებელია“, – განაცხადა დეკანოიძემ.
კითხვაზე, რომ შესაძლოა, ნიკა მელია დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოქმედებებს იწყებს და საკუთარ ოფისებსაც ხსნის, დეკანოიძის თქმით, ეს ინფორმაცია მორიგი ჭორია.
„ნიკა მელიას პოზიცია ვიცი, ის არის „ნაციონალურ მოძრაობაში“. ნიკა ნამდვილად უნდა ყოფილიყო პოლიტსაბჭოშიც, მათ შორის, ეს არის ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რაც, სამწუხაროდ, მოხდა ძალიან გაურკვევლად, მაგრამ სხვა პოზიცია მისგან არ მომისმენია. ჩემი მოსაზრებაა, რომ ყველა პოლიტიკოსს შეუძლია, თავისი დამოუკიდებელი გზის არჩევა, ეს არის ჩემი სუბიექტური პოზიცია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ეს არის, უბრალოდ, ერთი მორიგი პროპაგანდისტული ჭორი სამთავრობო არხისგან. პოლიტიკოსს თავისი ოფისი შეიძლება, ჰქონდეს, ამაში ვერაფერს ვხედავ განსაკუთრებულს“, – აღნიშნა დეკანოიძემ.