ხატია დეკანოიძე - პარტიაში გვყავს ძალიან ბევრი ღირსეული წევრი, რომლებსაც ჩვენს გენერლად ვისურვებდი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლის შემდეგ უნდა შედგეს პარტიის ყრილობა, რომელმაც ახალი თავმჯდომარე უნდა დაამტკიცოს.
ამასთან, მისივე თქმით, პარტიას ჰყავს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, აღმასრულებელი მდივანი და როდესაც გრიგოლ ვაშაძე აღარ მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში, მას ეს ადამიანები ჩაანაცვლებენ.
„ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან ის პირები, ვინც ახლა თანამდებობებს იკავებენ. რაც შეეხება პარტიის ახალ თავმჯდომარეს, ჩვენი განაწესის მიხედვით, უნდა შედგეს პარტიის ყრილობა და ყრილობამ უნდა დაამტკიცოს ახალი თავმჯდომარე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
კითხვაზე, პარტიის თავმჯდომარე იქნება თუ არა თავად ხატია დეკანოიძე, მან აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით არანაირი მსჯელობა არ არის.
„ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ღირსეული წევრი პარტიაში, უამრავი თანამებრძოლი, რომელსაც ვისურვებდი, იყოს ჩვენი გენერალი ამ ბრძოლაში, მაგრამ ჯერ ადრეა ამაზე საუბარი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დღეს დატოვა.