ხატია დეკანოიძე - დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბრის შემდეგ გამოძიებული იქნება ყველაფერი, რაც უკავშირდება სუს-ის მიერ სახელმწიფოზე ტოტალურ კონტროლს
2 ოქტომბრის არჩევნებამდე ვფიქრობთ, უკეთესი იქნება, ძირითადი კონცენტრირება გავაკეთოთ რეფერენდუმზე, რომლის შემდეგ დარწმუნებული ვარ, გამოძიებული იქნება ყველაფერი, რაც უკავშირდება სუს-ის მიერ ტოტალურ კონტროლს სახელმწიფოზე და ყველა ადამიანზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ „ლელოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
ფრაქცია „ლელო“ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
„საგანგებო სხდომის გამართვის შესახებ ვესაუბრე ჩვენს კოლეგებს, მათ შორის „ლელოს“ წარმომადგენლებს. ასევე ჩვენი ფრაქციის სახელით გავავრცელე განცხადება, რომ 2 ოქტომბრამდე და 2 ოქტომბერს არის გადამწყვეტი არჩევნები და რეფერენდუმი. შესაბამისად, 2 ოქტომბრის შემდეგ დარწმუნებული ვარ, გამოძიებული იქნება ყველაფერი, რაც უკავშირდება სუს-ის მიერ ტოტალურ კონტროლს სახელმწიფოზე, ქვეყანაზე და ყველა ადამიანზე. არა მხოლოდ საჯარო პირებზე, არამედ იმ ადამიანებზე, ვისაც რაიმე გავლენა აქვთ საზოგადოებაზე. ამიტომ ჩვენი ფრაქციის გადაწყვეტილებით, ჩვენ აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმის შემდეგ იმ ფართო გამოძიებაში, რომელიც უკავშირდება ლილუაშვილის, სუს-ის და ყველა იმ ადამიანის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, რომელიც იქნება დადასტურებული. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა აისახოს ობიექტური მართლმსაჯულების მიერ. შესაბამისად, 2 ოქტომბრის არჩევნებამდე ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკეთესი იქნება, ძირითადი კონცენტრირება გავაკეთოთ რეფერენდუმზე. გულწრფელად გეტყვით, როდესაც ასეთი მასიური ტოტალური კონტროლია და მათ შორის უკანონო ფარული თვალთვალი და მიყურადებაა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ლილუაშვილის მიმართ და ასევე ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ასრულებდა უკანონო ბრძანებას, ტოტალურ კონტროლს და ფარულ მიყურადებას ახორციელებდა ადამიანებზე, საჯარო პირებზე, პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე, მღვდლებზე, ეპისკოპოსებზე, მეეზოვეებზე, არ ვიცი ყველას უსმენენ, როგორც აღმოჩნდა“,- განაცხადა დეკანოიძემ.
ამასთან, ხატია დეკანოიძემ უკანონო მიყურადების საქმეზე გამოძიების დაწყების მიზნით პროკურატურას სარჩელით მიმართა. როგორც დეკანოიძემ განაცხადა, ანალოგიური სარჩელით ყველა მოქალაქემ უნდა მიმართოს პროკურატურას, ვისაც უსმენდნენ და ეს მიყურადების მასალები გასაჯაროვდა.