ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია აქციებთან დაკავშირებით სამართალდამცველების მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვენ
ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია აქციებთან დაკავშირებით სამართალდამცველების მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვენ. ამის შესახებ პოლიტიკოსებმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.
ხატია დეკანოიძის თქმით, აქციის მონაწილეებისადმი განხორციელებული ძალადობის მტკიცებულებების საერთაშორისო ორგანიზაციებში გაგზავნას გეგმავს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რუსული კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის დარბევები არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო. გამოყენებული ფიზიკური ძალა ხშირ შემთხვევაში გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას. ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კვლავ შეკრების თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა. მიმდინარე აქციების დაშლისას საპოლიციო ძალები ფიზიკურად უსწორდებოდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დიდ ნაწილს. ფიზიკურად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს, ქალებს, კაცებს, ჟურნალისტებს და განსაკუთრებით სასტიკად ნაცემია რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე სპეცრაზმელი პოლიციელების მასაში შეითრევდა აქციის მონაწილეებს და ფიზიკურად უსწორდებოდა, მუშტებს ურტყამდა, თმაში ქაჩავდა, წაქცეულებზე ზედ წიხლებით დგებოდნენ. ყველა ეს ფაქტი ჩვენ გვაქვს მოპოვებული, შეკრებილი, რასაც აუცილებლად გავაგზავნით საერთაშორისო ორგანიზაციებში და ვაგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას. იდენტიფიცირებული გვყავს კონკრეტულად ის სპეცრაზმელები, რომლებიც ძალადობდნენ ადამიანებზე, მათ შორის კონკრეტულად ახალგაზრდებზე. ამ მტკიცებულებების ერთობას გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში გასაგზავნად, რათა პოლიციის კონკრეტული მაღალჩინოსნები დასანქცირდნენ ძალიან მძიმე ბრალდებით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თამარ კორძაიას განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ საზოგადებას ანგარიში უნდა წარუდგინოს, რა ღონისძიებები გატარდა აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტებთან დაკავშირებით.
„მივმართავ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს. დრო აქვს, გამოვიდეს და წარუდგინოს საზოგადოებას ანგარიში, რა კონკრეტული ღონისძიებები განახორციელა ორ მაისს აქციაზე დაზიანებულ ჟურნალისტებთან დაკავშირებით. ეს მისი პირდაპირი ფუნქციაა, რომ ჟურნალისტებთან დაკავშირებით გააკეთოს განცხადება, რას ახორციელებს. ასევე ირაკლი წიგნაძე, გურამ ადამია, ლევან ხაბეიშვილი, დავით ქაცარავა, ალეკო ელისაშვილი გახდნენ სპეციალური სამსახურების დავალების მსხვერპლნი. ამ საკითხების გამოძიება არის ზუსტად კოკა კაციტაძის უწყების ფუნქცია. ამიტომ მოვითხოვ, ჩაატაროს საჯარო ბრიფინგი და გასცეს შემდეგ კითხვებს პასუხი: შედგა თუ არა თითოეულზე დაკავების ოქმი, რომელი ქვედანაყოფი იდგა შესაბამისს ადგილებში, ვინ იყო ხელმძღვანელი და ვინ იყვნენ შემადგენლობის წევრები როგორც სპეციალური დანიშნულების რაზმიდან, ისე პოლიციიდან, ვინ და რა დროს გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაზარალებულების გადასაყვანად, რომელმა ეკიპაჟმა გადაიყვანა ისინი საავადმყოფოში და გაფორმდა თუ არა მიყვანის ფაქტი, ვინ გამოიკითხა/დაიკითხა ამ საქმეებზე?
მინდა, მივმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომელიც თავს გრძნობს კომფორტულად და განცხადებას არ აკეთებს იმ მიმდინარე ტერორთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ხდება. უკვე მესამე წრეზე დაიწყეს ადამიანებთან დარეკვა და დაშანტაჟება. მოიძია თუ არა, ვინ დაიწყო უკანონოდ პერსონალურ მონაცემთა მოპოვება და კონსტიტუციის დარღვევა, ვინ დაეხმარა ამ ორგანიზებული დანაშაულში იმ პირებს, რომელებიც ახორციელებენ მოქალაქეებთან ზარებს? გამოვიდეს და გააკეთოს განმარტება შალვა პაპუაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ქართული ოცნება იწყებს სიების შექმნას იმ მოქალაქეების, რომლებიც ძალადობენ. არის თუ არა ეს კონსტიტუციის დარღვევა და პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავება?“ – აღნიშნა თამარ კორძაიამ.