ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართავენ, მორიგ სხდომაზე რიკოთის საკითხთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის მინისტრი მიიწვიოს
ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართავენ, მორიგ სხდომაზე რიკოთის საკითხთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის მინისტრი მიიწვიოს

ოპოზიციონერი დეპუტატები ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით სონღულაშვილს მიმართავენ, კომიტეტის მორიგ სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მიიწვიოს.

ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ირაკლი ქარსელაძის პარლამენტში დაბარება რიკოთის მაგისტრალის საკითხს უკავშირდება.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, მისი გამტარუნარიანობის თვალსაზრისით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალი უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე სამუშაოების დაწყებამდე იყო.

მათი განმარტებით, რიკოთის გზის სამუშაოების დასრულების თავდაპირველად დაანონსებული თარიღიდან სამი წელია გასული და აშკარაა, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

„წარმოქმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ პროექტის დასრულებას დამატებითი ფინანსური რესურსები დასჭირდება. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში არაერთხელ დაფიქსირდა უკვე აშენებული გზების თუ გვირაბების დაზიანება, რამაც აუცილებელი გახადა ერთი და იმავე სამუშაოს რამდენჯერმე ჩატარება, რაც დამატებით ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. უნდა ვივარაუდოთ, რომ პროექტის ღირებულება, მის პირვანდელ ფასთან შედარებით, შეიცვლება. გაურკვეველია, ვინ დაფარავს იმ ხარჯებს, რომლებიც გამოწვეულია ხელახალი და განმეორებითი ტიპის სამუშაოების ჩატარების აუცილებლობით.

რიკოთის 51-კილომეტრიან მაგისტრალზე, რომელიც ოთხ მონაკვეთად არის დაყოფილი და რომლის სამუშაოებსაც ოთხი ჩინური კომპანია ახორციელებს, სისტემატურად იბზარება ბეტონის კონსტრუქციები და ფიქსირდება აშენებული ნაგებობების ჩამოშლა. უცნობია, რა კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე ხდება მომუშავე პერსონალის დაქირავება და სამუშაოდ მიღება, რამდენად სწორად ხდება საშენი მასალების ვარგისიანობის შემოწმება და ა.შ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩინურ კომპანიებს, რომლებიც რიკოთზე ახორციელებენ სამუშაოებს, შელახული აქვთ რეპუტაცია. ეჭვს იწვევს ის პროექტებიც, რომლებიც შესრულებული იქნა ამ კომპანიების მიერ. საგანგაშოა ის ფაქტიც, რომ სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელი ახლად აშენებული ხიდი ჩაინგრა 2023 წლის თებერვლის ბოლოს და დღემდე მისი აღდგენითი სამუშაოები არც კი დაწყებულა“, – აღნიშნავენ ოპოზიციონერი დეპუტატები იმ მიმართვაში, რომელიც კომიტეტს გადაუგზავნეს.