ხატია დეკანოიძე - ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას გეგმავს
ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას გეგმავს, – ამის შესახებ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.
„პროვოკაციას გეგმავენ, რადგან ზუსტად იციან, რომ ჩვენსკენ არის მორალური უპირატესობა, ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს. ძალიან მარტივია ამ პროვოკაციის მოწყობა, შემოაგზავნონ ვინმე, ატეხონ ერთი ამბავი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენონ მაგალითად რომელიმე პოლიციელს. ხელისუფლებას ვაფრთხილებ ძალიან მკაცრად, შეეშვას ყოველგვარი პროვოკაციის მოწყობას.
მოვუწოდებ პოლიციელებს, კარგად დაფიქრდნენ, ვიდრე შეასრულებენ უკანონო დავალებებს. ეს ქვეყანა არ არის მხოლოდ ღარიბაშვილის და „ოცნების“, ეს ქვეყანა ყველასია“,- განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, „არავითარი პროვოკაცია მათთან არ გაჭრის“.
„ჩვენ ვართ სიმართლით აღჭურვილი ადამიანები. მინდა, მოვუწოდო იმ ადამიანებს, ვინც ძალადობასა და პროვოკაციას გეგმავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება გამოაშკარავებული და ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ამას გავხდით საზოგადოებისთვის აშკარას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ, როდესაც პოლიცია მოვიდა, სამმა ადამიანმა მოაწყო პროვოკაცია და ჩვენ ისინი გამოვააშკარავეთ. გუშინ, ღამის განმავლობაშიც მიმდებარე ტერიტორიაზე დადიოდნენ ადამიანები და ზუსტად ვიცით, რომ გეგმავდნენ შენობაში შემოსვლას. არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ძალადობა იყოს ფიზიკური პროვოკაციით ენმ-ის ოფისში. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვაკეთებ განცხადებას პრევენციულად, რომ ნებისმიერი პროვოკატორი ამ შენობაში გამოაშკარავდება“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.