ხატია დეკანოიძე - ბლოკი „ძალა ერთობაშია“ ხსნის სიებს და ყველა წერს განცხადებას, ვინც ამ გაყალბებული არჩევნებით მიიღო მანდატები
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ხვალ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას პარტიის ოფისში ესწრებოდნენ „ძალა ერთობაშია“ შემავალი ნაწილი პარტიების წარმომადგენლები. შეხვედრაზე არ ყოფილან „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები, თუმცა, როგორც გაერთიანების წარმომადგენლები განმარტავენ, შეხვედრა არ ყოფილა გეგმური და გაერთიანებული ოპოზიციის გაფართოებული შეხვედრა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრების პოზიცია ცნობილია, ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და აპირებენ მანდატის დატოვებას.
„ბლოკში შემავალი ყველა პარტიაში არის იდენტური აზრი, არავინ აპირებს შესვლას. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებთან კომუნიკაცია გვქონდა ათი წუთის წინ, ხვალ გაკეთდება შესაბამისი განცხადებები. ყველას პოზიცია არის იდენტური. გაყალბებული პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვიკრიბებით, სადაც უარს ვიტყვით მანდატებზე“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ამასთან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრას ბლოკიდან რამოდენიმე წარმომადგენელი ესწრებოდა.
„იყო ბლოკის რამდნიმე წარმომადგენელი, რომელთანაც აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოხდა. მე პირადად დავწერე განცხადება. არავინ არ მერყეობს ჩვენი ბლოკიდან ამ გადაწყვეტილებაზე, ვფიქრობ, რომ რაიმე შეიძლება განსხვავებული პოზიცია იყოს ბლოკში, ბლოკი „ძალა ერთობაშია“ ხსნის თავის სიებს და ყველა წერს განცხადებას, ვინც ამ გაყალბებული არჩევნებით მიიღო მანდატები“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.