ხატია დეკანოიძე - ბიძინა ივანიშვილის ევროკავშირთან დაახლოებაზე გაკეთებული განცხადებები იყო ფარისევლობა, ყველაზე უფრო ანტიდასავლური გზავნილები ჰქონდა
ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ევროკავშირთან დაახლოებაზე გაკეთებული განცხადებები იყო ფარისევლობა, არარსებულ გლობალური ომის პარტიაზე საუბრობს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილს ყველაზე უფრო ანტიდასავლური გზავნილები ჰქონდა.
„ივანიშვილის მხრიდან ევროპის ხსენება იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც „ქართული ოცნების“ მომხრეა და ევროკავშირში ინტეგრაცია ნამდვილად უნდა. მთელი ეს შეკრება მხოლოდ იმას ემსახურებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების ჩაბეტონება მოხდეს 2024 წელს, რადგან ღიად ახსნა, რომ ვინც „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს, გლობალური ომის პარტიის ნაწილია. რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ ნაწილს, სასაცილოა, რომ 12 წლის შემდეგ ისევ ამ პარტიის გასამართლებაზე საუბრობს. მეტი სასაუბრო არ აქვს, რადგან ამაზე საუბრობდნენ 2012-2016 წლებში. 2024 წელს ისევ ეს დაპირება უკვე სასაცილოა“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.