ხატია დეკანოიძე - ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის ჩამორთმევა ძალიან დიდი უსამართლობა იყო
ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის ჩამორთმევა ძალიან დიდი უსამართლობა იყო, რადგან ის იყო ერთ-ერთი გამორჩეული დეპუტატი და მისი გაბედული ნაბიჯი დასაფასებელია, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„შუალედური არჩევნები ყოველთვის რთულია, როდესაც ის მხოლოდ ერთ ოლქს ეხება, მაგალითად, როგორც ეს არის რუსთავში და ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის გაბედული გადაწყვეტილება, რადგან „ქართული ოცნების“ მხრიდან მთელი მობილიზაცია იქნება, თუმცა, რუსთავში ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციებიც ძალიან ძლიერია. დათო კირკიტაძე რუსთავში ამ კუთხით უკვე ძალიან დიდი ხანია, აქტიურად არის ჩართული. ამიტომ, ეს ნაბიჯი დასაფასებელია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაყენებთ კანდიდატს და ამ შემთხვევაში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს ღირსეული ბრძოლა ბატონი ბადრის მხრიდან“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ამ განცხადებით ხატია დეკანოიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა არის მთავარი მოტივი, რის გამოც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, რომ შუალედურ არჩევნებში ბადრი ჯაფარიძეს დაუჭიროს მხარი.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, არის თუ არა ეს ამ ორი პარტიის ალიანსი, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ეს, ამ ეტაპზე, შუალედურ არჩევნებში, არის „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთჯერადი თანამშრომლობა, რადგან აქ ერთ მანდატზეა საუბარი, მაგრამ დემოკრატია და პლურალიზმი თუ გვინდა, პოლიტიკურმა პარტიებმა თანამშრომლობა უნდა ისწავლონ.
„თანამშრომლობა გაცილებით სხვა ჭრილში უნდა განვიხილოთ და ეს არის დიდი და ფართო სურათი. მე დარწმუნებული ვარ, ამ თანამშრომლობას ოპოზიციამ უნდა მიაღწიოს“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას აქვს ბერკეტები და „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად აპირებს ნებისმიერი ინსტრუმენტის გამოყენებას.
„მაგალითად, მათ შორის, უკრაინის რადაში მმართველი პარტიიდან ჩვენი მეგობრები ფიქრობენ, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რადგანაც ის გახლავთ უკრაინის მოქალაქე და ერთ-ერთ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დანიშნული ადამიანი, რომელიც აქ, მთელი ამ სახელმწიფო რეპრესიული მანქანის მხრიდან მოექცა არაადამიანური და ღირსების შემლახავი ფაქტების ქვეშ. მე მეჩვენება, რომ ეს არის გამოსაძიებელი. მე მგონი, საზოგადოებასაც ძალიან ბევრი შეკითხვა აქვს და ამ შეკითხვებს ჯობია, პასუხი გაეცეს“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ხატია დეკანოიძემ ასევე განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფორმატის გამოყენება, მათ შორის, საპარლამენტო დელეგაციებში უკრაინასთან, რადასთან, ბრიუსელში და ეს ფორმატები აქტიურად უნდა იყოს გამოყენებული.