ხატია დეკანოიძე - ამნისტიის კანონპროექტზე დათანხმების შემთხვევაში, ჩემს კოლეგებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაც მოუწევთ იმაზე, რომ 20 ივნისის საქმე მეტნაკლებად გათეთრდეს
ამნისტიის კანონპროექტზე დათანხმების შემთხვევაში, ჩემს კოლეგებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაც მოუწევთ იმაზე, რომ 20 ივნისის საქმე მეტნაკლებად გათეთრდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამნისტია არ უნდა ეხებოდეს იმ სამართალდამცველებს, რომლებმაც 20 ივნისს ადამიანებს სხეულის ძალიან მძიმე დაზიანება მიაყენა.
„ამნისტია არ უნდა ეხებოდეს იმ ადამიანებს, რომლებმაც 20 ივნისს ადამიანებს სხეულის ძალიან მძიმე დაზიანება მიაყენა და თვალები დათხარა ადამიანებს. როგორც ვიცით, ასეთი სამართალდამცველები ნაგულისხმევი არიან კანონპროექტში. ჯერ არ გვინახავს კანონპროექტი, მაგრამ არიან. ჩემს კოლეგებს ამ კანონპროექტზე დათანხმება თუ მოუწევთ, მათ მოუწევთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაც იმაზე, რომ 20 ივნისის საქმე მეტნაკლებად გათეთრდეს. მესმის, რომ ეს კომპრომისია, მაგრამ კომპრომისი არასასურველია იმ კონტექტსში, რაზეც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ 20 ივნისთან დაკავშირებით“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ამასთან, მისი შეფასებით ძალიან საინტერესო ინიციატივაა ნიკა მელიას თავდებში ევროპარლამენტარების დადგომა.
„ნამდვილად საინტერესო ინიციატივაა, რომ ევროპარლამენტარები შესაძლოა, ნიკა მელიას თავდები იყვნენ და გენერალურ პროკურატურას მიმართონ. როგორ წარიმართება პროცესი, ჯერ არ ვიცი. ამაზე გუშინ საუბარი მქონდა „ლელოსთან“. ჯერ მხოლოდ ეს ინფორმაცია ვიცით.
გირაო ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ასევე მიუღებელია ამნისტია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყოველთვის იყო, ეს არის ის, რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს უპირობოდ. ეს არის ფორმა, როგორც დააკავა ის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ. უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკურად იმიტომ რომ, პროკურატურა არ არის სამართალდამცავი ორგანო, პროკურატურა არის პოლიტიკური ორგანო. შესაბამისად, ნიკას გათავისუფლება ყოველგვარი პირობების გარეშე არის ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ხაზს უსვამდა.
მხოლოდ შეთანხმების შემდეგ, რომელსაც ხელი მოაწერეს ჩვენმა კოლეგებმა, თუ ვსაუბრობთ ნიკას გათავისუფლების მექანიზმზე და ამ შემთხვევაში ევროპარლამენტარების თავდებობაზე, ე.ი. გაცილებით მეტის მიღწევა იყო შესაძლებელი, გაცილებით მეტი პრინციპულობით, რადგან ახლა ჩნდება ახალი წინადადებები. ნიკას პოზიციის დამცველი კონკრეტული მექანიზმი დოკუმენტში არ იყო“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.