ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ქუთაისში ე.წ. კარუსელის დატრიალებისა და ფულის დარიგების ფაქტები დაფიქსირდა
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ქუთაისში ე.წ. კარუსელის დატრიალებისა და ფულის დარიგების ფაქტები დაფიქსირდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ დღეს დილიდან ქუთაისში თითქმის ყველა უბანზე მათ დამკვირვებლებს პრობლემები შეექმნათ. ამასთან, მისივე თქმით, დაფიქსირდა ე.წ. კარუსელის დატრიალებისა და ფულის დარიგების ფაქტები.

„ძალიან ბევრ მათგანს არ უშვებდნენ, მაგრამ განსაკუთრებული პრობლემები შეექმნათ რეგისტრატორების უკან დამკვირვებლების განლაგებას, რაც რეალურად არის ის სქემა, რომელსაც „ქართული ოცნება“ გაყალბებისთვის იყენებს. ჩვენ მოგვიწია საჩივრების დაწერა. ახლა აკვირდებიან რეგისტრატორებს, მაგრამ მინდა, გავაფრთხილო კომისიის ყველა წევრი, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რათა ჩვენს დამკვირვებლებს ხელი არ შეეშალოთ უბანზე დაკვირვების პროცესში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ამასთან, ხატია დეკანოიძის თქმით, მეშვიდე საარჩევნო უბანზე იყო ე.წ. კარუსელის მცდელობა. მისი თქმით, უბანზე მეორედ შესვლას ცდილობდა მარკირებიანი მოქალაქე.

„ქუთაისის მე-40 უბანზე, უბანთან ახლოს მდგომი მანქანიდან ფულის დარიგების ფაქტი დაფიქსირდა. ჩვენ მსგავსი ფაქტების ვიდეომტკიცებულებას წარმოვუდგენთ მედიას.

მე-17 საარჩევნო უბანთან მივიდა მოქალაქე, რომელიც ასევე იყო გადასატანი ყუთის სიაში.

51-ე და 101-ე საარჩევნო უბნებზე, გვერდით ოთახში არიან „ქართული ოცნების“ კოორდინატორები, რომლებიც ახდენენ მოქალაქეების აღრიცხვას. ვაფრთხილებ კომისიის ყველა წევრს, დაუყოვნებლივ შეწყდეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და კოორდინატორების უბანზე აგიტაცია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.