ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მის ოფისში უცნობი პირი შეიპარა, რომელიც სავარაუდოდ მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას აპირებდა
„ნაციონალური მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მათ ოფისში გამთენიისას უცნობი პირი სახურავიდან შეიპარა, რომელიც სავარაუდოდ მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას აპირებდა.
დეკანოიძის განცხადებით, ეს იყო სავარაუდოდ წინასწარ დადგმული, რადგან ოფისში ელექტროენერგია გამოირთო და შესაბამისად, ოფისში დამონტაჟებულმა კამერებმა ვერ გადაიღო მომხდარი ფაქტი.
როგორც დეკანოიძე ამბობს, ამ პირმა ოფისი მალევე დატოვა, რადგან შტაბში მყოფმა ახალგაზრდებმა მისი ფეხის ხმა გაიგეს.
„შტაბში იყვნენ იმ დროს ჩვენი ახალგაზრდები დარჩენილები, რომლებიც გეგმავდნენ დღევანდელ ღონისძიებას. შუქის ჩაქრობის შემდეგ ახალგაზრდებმა გაიგეს ხმა, სიარულის ხმა, რომელიც ჩამოდიოდა ჩემი ოთახიდან. სპეციალურად გამორთული ელექტროენერგიის ფონზე გაიგეს ნაბიჯების ხმა. როდესაც ახალგაზრდები ავიდნენ მესამე სართულზე, ეს ადამიანი გადაძვრა ფანჯრიდან და გაუჩინარდა. ნაფეხურებია ჩემს ოთახში, მათ შორის სკამებზე, ასევე სახურავზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სპეციალურად გამორთეს ელექტროენერგია, რომ გადმოეღწიათ ჩემს სამუშაო ოთახში. გონივრული ეჭვი, რომელიც გვებადება არის ის, რომ სამართალდამცავი სამსახურების მიერ, სუს-ის მიერ სურდათ გადმოსულიყვნენ და დაემონტაჟებინათ სპეციალური აპარატურა, ვინაიდან სურთ გაიგონ, რას ვსაუბრობ ჩემს ოთახში.
ჩვენ მივმართეთ სამართალდამცველებს. მოვიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, მაგრამ გვითხრეს, რომ სამწუხაროდ კინოლოგებმა ვერანაირი კვალი ვერ აიღეს. ფაქტია, რომ ეს იყო სპეციალურად გაკეთებული უკანონო შემოჭრა ჩვენს ოფისში, რათა დაემონტაჟებინათ ფარული თვალთვალის და მიყურადების აპარატურა, იმიტომ რომ გასაგებია, უამრავი ფანჯარაა ამ შტაბში და მხოლოდ ჩემს ფანჯარაში გადმოძვრნენ. ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც აქვს წინასაარჩევნოდ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს – სუს-ის გამოყენება, ფარული თვალთვალი, ოპონენტების შტატებში შეღწევა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს ხდება ცენტრალურ დონეზე, როდესაც თიშავენ ელექტროენერგიას და შემდეგ გადმოძვრნენ ჩემს ოფისში. მე მივმართავ შსს-ს და ყველა იმ უწყებას, თუმცა დიდი იმედი არ მაქვს, რომ გამოძიება ჩატარდება, თავი დაანებეთ უკანონო ქმედებებს. ჩვენს შტაბში დიახ, იგეგმება ის სტრატეგია, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს ოპონენტებს. ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს, მაგრამ ფარული თვალთვალი არის უკანონო“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-177 მუხლით, რომელიც ქურდობის მცდელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, ამ დროისათვის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.