ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ფრაქციის თავმჯდომარეობიდან წასვლის თაობაზე განცხადება უკვე დაწერა
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება უკვე დაწერა.
რაც შეეხება აღნიშნულ პოსტზე მის შემცვლელს, დეკანოიძის თქმით, ჯერჯერობით კოლეგებთან ამ თემაზე არ უსაუბრია.
„განცხადება დაწერილი მაქვს, ეს განცხადება რეგისტრირებულია. ცნობად უნდა მიიღოს ბიურომ, რომელიც ორშაბათს ჩატარდება, ჩვეულებრივი პროცედურაა. რაც შეხეება კანდიდატურას, არ ვიცი, რასაც გადაწყვეტს თვითონ ფრაქცია, მე ამ გადაწყვეტილებას მივიღებ. ალბათ ჩვენს კოლეგებთან საუბარი გვექნება ამასთან დაკავშირებით. არ მისაუბრია კონკრეტულ კანდიდატურებზე ჩემს კოლეგებთან, ესეც განსახილველი საკითხი იქნება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
კითხვაზე, – „ლევან ბეჟაშვილი აპირებს, გადაწყვეტილება შეგაცვლევინოთ, არსებობს ამის შანსი?“ – ხატია დეკანოიძე პასუხობს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.
„რაც შეეხება ლევან ბეჟაშვილს, არაჩვეულებრივი კანდიდატურაა, ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან კარგი სამართალმცოდნე, გამოცდილი პარლამენტარი. ამიტომ მე ლევანის კანდიდატურას მივესალმებოდი. ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გუშინდელ განცხადებას, ხატია დეკანოიძის თქმით, საკრებულოებთან და პარლამენტთან დაკავშირებით მისი პოზიციაა, რომ „პარტია უნდა იყოს ყველგან და გაძლიერდეს ყველგან, რა შესაძლებლობებიც აქვს“.
„აზრთა სხვადასხვაობა შესაძლებელია. პარლამენტში შემოსვლაზე აზრთა სხვადასხვაობა პარტიაში თავიდანვე იყო. მიშელის დოკუმენტის შემდეგ ვემხრობოდი, რომ პარტიას უნდა გამოეყენებინა ეს ბერკეტიც. ამიტომ ვფიქრობ, აზრთა სხვადასხვაობა დაძლევადია. მე არავისთან დაპირისპირება არ მაქვს, არ მჭირდება. თუ ვინმეს არ ვეთანხმები ან თუ ვეთანხმები, ყველაფერს საჯაროდ ვამბობ. ეს პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს. ვიმსჯელებთ ჩემი შემცვლელის კანდიდატურაზე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.