ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ FARA-ს ევროპული ანალოგის შექმნაზე „ევროპის სახალხო პარტიის“ შეთავაზება რუსული ორგანიზაციების ლობიზმის კონტექსტს ეხება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ FARA-ს ევროპული ანალოგის შექმნაზე „ევროპის სახალხო პარტიის“ შეთავაზება რუსული ორგანიზაციების ლობიზმის კონტექსტს ეხება და მისი დაკავშირება საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან არის მხოლოდ პროპაგანდის შედეგი.
„განხილვის თემა ეხება რუსულ ორგანიზაციებს, რუსული ორგანიზაციების მიერ სპეციალური ლობიზმით გაჯერებულ ფუნქციებს, რაც არის რეალურად ძალიან სერიოზული თავდასხმა, მათ შორის, დასავლეთზე. ამიტომ ეს ძირითადად არის რუსული ორგანიზაციების კონტექსტი და ნებისმიერი შესაძლო დაკავშირება იმ კანონმდებლობასთან, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” შემოიტანა ამ პერიოდის განმავლობაში, არის მხოლოდ პროპაგანდის შედეგი, მეტი არაფერი.
ჩვენთან რაც შემოვიდა, ვგულისხმობ რუსულ კანონმდებლობას, იყო პირდაპირ დემოკრატიისა და დასავლური ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. დასავლური ინსტიტუტების მხრიდან რუსეთის გავლენების შემცირებაზე საუბარი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის რუსული ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული და არც არის ჯერ განხილვაში, რადგან, როგორც თავად ევროპარლამენტმა თქვა, წლები სჭირდება ამის განხილვას. ზოგადად, ვერაფერი გადაფარავს იმას, რაც გააკეთა წინა კვირაში „ქართულმა ოცნებამ”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.