„ლანჩხუთის“ ქალთა გუნდის წევრი ხატია ჭყონია საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებთან ერთად ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი დასკვნითი მატჩისთვის ემზადება.
თავდამსხმელი, რომელიც გუნდის ჩემპიონთა ლიგის 32 საუკეთესო გუნდში მოხვედრაში დიდი როლი ითამაშა, იმედოვნებს, რომ საქართველოს ნაკრებიც წარმატებით ითამაშებს.
„ახლა საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორ მატჩს ჩაატარებს. „ლანჩხუთის“ შეხვედრების შემდეგ ნაკრებში ყველა უფრო მეტი მოტივაციითა და თავდაჯერებით ჩამოვედით. ბუნებრივია, წინასწარ ძნელი სათქმელია, რომ მალტასთან რევანშს ავიღებთ. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ მოვიგებთ“, – ამბობს ხატია ჭყონია.
მისი თქმით, „ლანჩხუთის“ ჩემპიონთა ლიგის 32 საუკეთესო გუნდში მოხვედრა შემთხვევითი არაა.
„რეალურად, „ლანჩხუთის“ წარმატება ჩემპიონატის დონის ამაღლების შედეგია. ამისთვის ფეხბურთის ფედერაციას, ლევან კობიაშვილსა და დავით მუჯირს ჩვენგან მადლობა ეკუთვნით. თამაში 2009 წელს დავიწყე, როდესაც საქართველოში ჩემპიონატიც არ იყო. მხოლოდ ორიოდე გუნდი გვყავდა, რეალურად, ქალთა ფეხბურთიც არ იყო. ბოლო ხუთ წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა და დონე ამაღლდა. მიკვირს და მიხარია, ახალბედა გუნდების უმრავლესობაც კი წინააღმდეგობას გვიწევს, ბევრი საინტერესო ახალგაზრდა გამოჩნდა და აშკარაა, რომ ქალთა ფეხბურთმა განვითარება რეალურად დაიწყო“, – აცხადებს ჭყონია.