რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე #7 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაასრულა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 904 ათასი ლარია.
დასრულებული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.
ახალი საბავშვო ბაღი ექვს ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი და 200 აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ბაღის მიმდებარე ტერიტორია, მოპირკეთდა შენობის შიდა და გარე კედლები, შეიცვალა კარ-ფანჯარა და წყალგაყვანილობა, დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების სისტემა.