ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მოკლულია 45 წლის ბესიკ ომიაძე. შემთხვევა ბუზიაშვილების ოჯახში მოხდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტთან მეზობლები ყვებიან, 37 წლის ნინო ამყოლაძეს, პირველი ქმრის ძმა სამ პირთან ერთად სახლში მიეჭრა. სახლში ქალის მეუღლე, მაზლი და დედამთილი იმყოფებოდნენ. ჩხუბის დროს სასიკვდილო ჭრილობა მიიღო ნინო ამყოლაძის ყოფილმა მაზლმა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ქალის ქმარი და მისი ძმა კი დაჭრილები ხაშურის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
ექიმების თქმით, დაჭრილების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ნინო ამყოლაძის თქმით, მას ყოფილი ქმრის ძმა ემუქრებოდა და ამის გამო მან საპატრულო პოლიციასაც მიმართა.