იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ხაშურში ახორციელებს. იუსტიციის სახლის მშენებლობა აქ 2021 წელს დაიწყო. დღეს კი, მიმდინარე სამუშაოები იუსტიციის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ მოინახულა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, სერვისების მიმწოდებელი ძველი საბჭოთა ინფრასტრუქტურის ჩასანაცვლებლად უწყება 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს. დღეისთვის, საქართველოში მხოლოდ 13 რაიონული ცენტრია, სადაც სერვისები კვლავ ძველ შენობებში გაიცემა. ახალი იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ყველა ასეთ ქალაქსა თუ სოფელშია დაგეგმილი. მათგან ექვსის მშენებლობა მიმდინარეა, დანარჩენ შვიდ რაიონში კი, ან უკვე მზადაა სამშენებლო პროექტები და შერჩეულია მიწის ნაკვეთები, ან ამისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 იუსტიციის სახლი და 85 ცენტრი ფუნქციონირებს.
ხაშურის იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლიც განთავსდება და ნებისმიერ წყვილს ექნება საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს დახვეწილი დიზაინის მქონე ქორწინების სახლში, სადაც მათ სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ.
ხაშურის ფილიალი მესამე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ რეგიონში, კერძოდ, გორსა და ქარელში, უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის ფილიალები, კასპში კი, რამდენიმე თვეში საზოგადოებრივი ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას.
ხაშურის იუსტიციის სახლის მშენებლობა 2022 წლის აპრილში დასრულდება. იუსტიციის სახლების მშენებლობა მიმდინარეობს, ასევე, გარდაბანში, წყალტუბოსა და სამტრედიაში.