ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მიწობის მოსახლეობამ აქცია გამართა და გზა გადაკეტა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მიწობის მოსახლეობამ სოფელთან დამაკავშირებელი გზა გადაკეტა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს გზის გახსნისა და დაშლისკენ მოუწოდეს.
ადგილობრივები სოფელ მიწობში გაზიფიცირების მოთხოვნით გამოვიდნენ. ისინი ამბობენ, რომ მილსადენი სოფელზე გადის, მათი სოფლის გაზიფიცირების სამუშაოების დაწყება კი ჯერ არ იგეგმება.
აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ სოფელში წყალი სასმელად არ ვარგა, ასევე სოფელს არ აქვს ამბულატორია და საბავშვო ბაღი.
აქციის მონაწილეებს ხაშურის მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ და განუმარტეს, რომ გაზიფიცირების სამუშაოებს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახორციელებს, უკვე დასრულებულია პროექტირება და ექსპერტიზის გავლის შემდეგ დაიწყება გაზიფიცირების სამუშაოები. მერია მოსახლეობას სოფელში არსებული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები დაიშალნენ.