ხარკოვში, რომელსაც რამდენიმე დღეა, რუსეთის შეიარაღებული ძალები უტევენ, უკრაინის პრეზიდენტი ჩავიდა
ხარკოვში, რომელსაც რამდენიმე დღეა, რუსეთის შეიარაღებული ძალები უტევენ, უკრაინის პრეზიდენტი ჩავიდა. როგორც უკრაინული მედია წერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ ხარკოვში სამხედრო მეთაურების სხდომა გამართა.
ცნობისთვის, ამჟამად უკრაინელ სამხედროებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები ხარკოვის ოლქის დასახლება ლიპცის სიახლოვეს მიმდინარეობს. დასახლება ქალაქ ხარკოვიდან 20 კილომეტრშია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს ქალაქ ვოლჩანსკის ქუჩებში.
სამხედრო მეთაურებთან თათბირის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქში ვითარება მთლიანობაში კონტროლირებადია, თუმცა სიტუაცია რთული რჩება და უკრაინა შეიარაღებული ძალების სამხედრო დაჯგუფებებს აძლიერებს.
მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ გაავრცელა ცნობა, რომ რუსი სამხედროები ხარკოვის ოლქში, ქალაქ ვოლჩანსკის ჩრდილოეთ ნაწილში შევიდნენ და სამოქალაქო პირები მძევლად აჰყავთ. მისივე ცნობით, ერთი ადამიანი გაქცევის მცდელობისას რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს. კლიმენკოს ინფორმაციით, პოლიცია ვოლჩანსკიდან მოქალაქეთა ევაკუაციას აგრძელებს.