ხარკოვის მერი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომელთა სოფლებიც გამუდმებით იბომბება, ევაკუაციას დათანხმდნენ
ხარკოვის მერი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომელთა სოფლებიც გამუდმებით იბომბება, ევაკუაციას დათანხმდნენ

ხარკოვის მერი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომელთა სოფლებიც გამუდმებით იბომბება, ევაკუაციას დათანხმდნენ. როგორც იგორ ტერეხოვი ამბობს, ბოლო 24 საათში რუსეთის არმიამ გაანადგურა ორი სასურსათო ბაზარი და კვლავაც უხსნის ცეცხლს საცხოვრებელ უბნებს.

„ძალიან გთხოვთ, მიიღეთ გადაწყვეტილება და შეინარჩუნეთ სიცოცხლე. ჩვენ თქვენ გაგიყვანთ და ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს შეგიქმნით“, – განაცხადა ტერეხოვმა.

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო დღე-ღამეში რუსმა სამხედროებმა 50-ჯერ გახსნეს ცეცხლი. ერთ-ერთი ჭურვი მანქანას მოხვდა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

„ისვრიან ზალპური ცეცხლის სისტემებიდან, „სმერჩებიდან“, არტილერიიდან, ასევე ალექსეევსკას, ჟუკოვსკის მიმართულებით. არიან დაშავებულები და დაღუპულებიც“, – განაცხადა ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა.

მისივე თქმით, ხარკოვის ოლქში 24 დასახლება ამ დრომდე ოკუპირებულია.

„ჩვენ პოზიციებს ვინარჩუნებთ და ამ დასახლებებს ვათავისუფლებთ კიდეც, მაგრამ ეს იოლი არ არის. ერთი საქმეა მათი გათავისუფლება და მეორე, შენარჩუნება“,- განაცხადა სინეგუბოვმა.