ხარისხიანი და რეიტინგული მუშაობისთვის პირველი არხის ვებრედაქტორ ირინა დეკანოიძეს „ოქროს ფრთა“ გადაეცა

პირველი არხის ვებრედაქტორი ირინა დეკანოიძე ონლაინ სივრცეში ხარისხიანი და რეიტინგული მუშაობისთვის „ოქროს ფრთით“ დაჯილდოვდა. ირინა დეკანოიძემ აღნიშნა, რომ ეს ჯილდო მისთვის დიდი პატივია.

„დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მიიჩნია, რომ „ოქროს ფრთა“ მეც უნდა მქონოდა, მართლა დიდი პატივია ჩემთვის კოლეგების მიერ გამორჩევა და ეს არის ჩემთვის ერთგვარი შეძახილი, აბა, უფრო ყოჩაღად. მე დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი და 1tv.ge იქნება ყოველთვის საუკეთესო, ყოველთვის იმაზე ყოჩაღი, ვიდრე არის დღეს“, – განაცხადა ირინა დეკანოიძემ.

ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის “ოქროს ფრთის” მიერ არის ორგანიზებული.

ფონდი ყოველწლიურად სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებს აჯილდოვებს. რიგით მეთხუთმეტე ცერემონიაზე, რომელსაც მედიის, შოუბიზნესისა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ, 21 პრიზიორი გამოვლინდა.

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდი „ოქროს ფრთა“ 2003 წელს ჟურნალისტმა ეთერ ჯიშკარიანმა დააფუძნა. 2012 წლიდან ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ პრეზიდენტი თამარ ფხაკაძეა.