ხარების დღესასწაულის საღმრთო ლიტურგია სიონის ტაძარში [ფოტო]
11:06, 07.04.2018
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგიას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ატარებს. წირვის დასრულების შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს.
7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.
ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.
დღესვე, მღვდელმსახურები მცხეთას აკურთხებენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღნიშნა, რომ ხარების დღესასწაული ასევე არის მცხეთის კურთხევის დღეც, რომელიც სამი წელია, აღდგა.