ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარე ლეღვნულამ სოფელ ლეღვანთან დამაკავშირებელი გზა წაიღო. შედეგად, 500-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვეტილი.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სოფლამდე მისვლა მხოლოდ საცალფეხო გზით ხდება.
ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ დააზიანა სოფელი დიდვაკე, სადაც დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები. დახოცილია შინაური ცხოველები და ფრინველი. წაღებულია დამხმარე ნაგებობები. დატბორილია სახნავ-სათესი მიწები. ლეღვნულასა და დიდვაკეში დაზიანებულია ხიდები.
პრობლემები შეიქმნა ასევე სოფლებში – მარელისი და ვაშე.
სოფლებს არ მიეწოდება ელექტროენერგია, რადგან დაზიანებულია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები.
მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. მობილიზებული მძიმე ტექნიკა. სტიქიის ზონაში იმყოფებიან სამაშველო ჯფუფებიც.