ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები ზვარე და დიდვაკე სტიქიამ დააზარალა.
ადიდებულმა მდინარე ზვარულამ სოფელში ერთი ხიდი მთლიანად წაიღო, ხოლო მეორე დააზიანა.
ადიდებულმა ღელემ წაიღო კაკიაშვილების ოჯახის პირუტყვის სადგომი. როგორც ნოდარ კაკიაშვილი აცხადებს, რამდენიმე პირუტყვის გადარჩენა შეძლეს, თუმცა პირუტყვის ნაწილი და ფრინველი წყალმა წაიღო.
ნოდარ კაკიაშვილი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
სოფელში ასევე დაზიანებულია როგორც მთავარი, ისე შიდა საუბნო გზები.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფელში მსგავსი მასშტაბის სტიქია არ ახსოვთ.
ხარაგაულის მერიის წარმომადგენლის, ბესიკ დალალიშვილის განცხადებით, ზარალის შემსწავლელი კომისია უკვე მუშაობს და დაზარალებულ ოჯახს ზიანი აუნაზღაურდება.
რაც შეეხება სოფელ დიდვაკეს, მდინარე ჩხერიმელამ წაიღო ხიდი, რომელიც სოფლის მოსახლეობას სარკინიგზო სადგურთან აკავშირებდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სარკინიგზო სადგურთან ვერც საფეხმავლო და ვერც საავტომობილო გზით დაკავშირებას ვეღარ ახერხებენ.
დიდვაკეში ასევე დაზიანებულია საავტომობილო გზა. სოფელს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი.