ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა. როგორც საქართველოს პირველ არხს მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, წყალმოვარდნების შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლის ეზო, გზები და სანიაღვრე არხები.
ხარაგაულის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაბა ხარაგაულში ერთი სახლის ეზო დაიტბორა. მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ეზო უკვე გაწმინდეს.
„დღეიდან შეიქმნება კომისია და მოხდება ზარალის დათვლა. ასევე ვერტყვიჭალა არის ადმინისტრაციული ერთეული, იქ სანიაღვრე არხები გაიჭედა, რის შედეგადაც გზა დაიტბორა, რომელიც უკვე გაწმენდილია. შესაბამისი სამუშაოები უკვე ჩატარებულია.
ასევე დაბაში ერთ-ერთი მდინარის ადიდების შედეგად მოხდა სანიაღვრე არხების მიერ გზის დატბორვა და იქაც სამუშაოები ჩატარდა. ასე რომ, ამ ეტაპზე რაიმე ტიპის სამუშაოები არ მიმდინარეობს. რაც იყო პრობლემა, ყველაფერი აღმოფხვრილია. თუმცა უამინდობა გრძელდება. დაშავებული არავინაა. სანიაღვრე სისტემის გასუფთავების სამუშაოებიც დასრულებულია“, – აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თემურ თაბუკაშვილის განცხადებით, მოსახლეობა პარალიზებული არ არის და საფრთხე არავის ემუქრება.
„მოსახლეობა პარალიზებული არ არის და არც საფრთხე ემუქრება არავის. უხვად მოვარდნილმა ნალექმა ორგან სანიაღვრე არხი გაჭედა, რაც უკვე გაწმენდილია. სახლში, რომლის ეზოც დაიტბორა, არავინ ცხოვრობდა. გვერდზე აქვთ საცხოვრებელი სახლი და რეალურად, ისეთი პრობლემა არ იყო, როგორც მოსახლეობამ აღწერა. მერიამ მიიღო ზომები და მათაც დაეხმარება“, – განაცხადა თაბუკაშვილმა.
სტიქიის ადგილებზე მობილიზებულია ტექნიკა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.