„ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება
„ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება. კანონპროექტის მომზადების მიზეზად გამჭვირვალობის უზრუნველყოფა სახელდება. თავად ცვლილებები კი უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული.
კანონპროექტის თანახმად, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს კი აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.
ამასთან, პროექტით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტის გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს, ჩაატაროს კვლევა. ცვლილებებით გათვალისწინებულია ჯარიმებიც. კერძოდ, უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისთვის ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას, ჯარიმა გათვალისწინებული იქნება 10 ათასი ლარის სახით. ასევე, დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში 10 ათასი ლარი იქნება გათვალისწინებული. კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა კი 20 ათასი ლარით დაჯარიმდება.