„ხალხის ძალაში“ აცხადებენ, რომ ამზადებენ ორ კანონპროექტს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასა და მედიაში სიცრუის გავრცელების საკითხებს შეეხება
საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალაში“ აცხადებენ, რომ ევროპული და ამერიკული გამოცდილების საფუძველზე ამზადებენ ორ კანონპროექტს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასა და მედიაში სიცრუის გავრცელების საკითხებს შეეხება.
ამის შესახებ განცხადება დღევანდელ ბრიფინგზე „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, კანონპროექტი, რომელიც საქართველოში უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება, საუკეთესო დასავლური პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდა.
„გვინდა, მოგახსენოთ, რომ სამუშაო პროცესი უკვე სრულდება და საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ იანვარში დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც, არსებითად, ამერიკულ კანონმდებლობას დაეფუძნება. კანონპროექტში აგრეთვე აისახება რამდენიმე სხვა დემოკრატიული ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა აღნიშნულ სფეროში. ჩვენ მიერ შემოთავაზებული კანონით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, რომელში რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციისა და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად.
შემოღებული იქნება „უცხოური გავლენის აგენტის“ ცნება და შესაბამის სუბიექტებს საკუთარი ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ.
გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა მთელ რიგ პროცესებში, რომლებიც უცხოური დაფინანსებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების პრივილეგირებას ითვალისწინებს. ჩვენ მიერ მომზადებული კანონპროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სხვადასხვა თვალსაზრისით“, – გააცხადა მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ასევე ასრულებს მუშაობას კანონპროექტზე, რომელიც მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციას ითვალისწინებს.
„კანონპროექტი ეფუძნება ერთ-ერთი მოწინავე ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობას და ის ეფექტიანად უზრუნველყოფს როგორც სიცრუის გავრცელების პრევენციას, ისე მასზე სათანადო რეაგირებას. როგორც მოგეხსენებათ, დღეს მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციასა და პოლარიზაციაში. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ მომზადებული ორივე კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა. კანონპროექტები პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება იანვარში და ჩვენ გვექნება პრინციპული პოზიცია ორივე პაკეტის მიღებასთან დაკავშირებით.
კანონპროექტების ინიცირებისთანავე, დაიწყება კონსულტაციები როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართულ ოცნებასთან“, ისე ყველა უცხოური გავლენისგან თავისუფალ და არარადიკალურ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან.
კანონპროექტებს საზოგადოებას დეტალურად წარვუდგენთ მათი ინიცირებისთანავე. დარწმუნებული ვართ, რომ ორივე ინიციატივას ექნება ძალიან ფართო მხარდაჭერა ქართველი ხალხისგან, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოს უსაფრთხოება და სუვერენიტეტი და რომელიც დაღლილია სიცრუის გამუდმებული ტირაჟირებითა და პოლარიზაციით. ამერიკული და ევროპული კანონმდებლობის საქართველოში გადმოტანით, შეიქმნება ახალი გარანტიები საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოსაყალიბებლად“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.