„ხალხის ძალა“ - საქართველოში ჩამოდის ევროკავშირის ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მათი მიზანია რადიკალიზმის ზრდა, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა შემოშვებას
საქართველოში ჩამოდის ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელთა მიზანი რადიკალიზმის ზრდა და ქვეყნის შიდა საქმეებში გაუმართლებელი ჩარევაა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას.
„რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩამოდის ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი: გაბრელიუს ლანდსბერგისი (ლიეტუვა), მარგუს ცანკა (ესტონეთი), ტორდის გილფადოტრი (ისლანდია) და ბაიბა ბრაზე (ლატვია). ასევე, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენი. მათ მიერ ოფიციალურად გაცხადებულია, თითქოს ჩვენს ქვეყანაში მათი სტუმრობის მიზანი ქვეყნის „დასავლური კურსის“ მხარდაჭერაა, რეალურად კი ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ეს ადამიანები ღიად უჭერენ მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ და თავს ესხმიან საქართველოს ხელისუფლებას. ამის დამადასტურებელი ფაქტები მრავლად მოიძებნება. მოვიყვანთ მხოლოდ რამდენიმე მაგალითს:
გაბრელიუს ლანდსბერგისი: „სააკაშვილის გაშვება საზღვარგარეთ სამკურნალოდ საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა მისთვის, მისი ოჯახისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“; მაიკლ როთი: „საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ცოტა გააკეთა იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაემსახურებინა“; ჯეიმს ო’ბრაიენი: „საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, რომლებიც რუსეთის სანქციებისთვის თავის არიდების კუთხით პრობლემებს იწვევენ“; ჟიგიმანტას პავილიონისი: „დემოკრატია საფრთხეშია, ივანიშვილის რეჟიმმა უნდა გადაიხადოს“.
ეს არის სრულიად არაევროპული თავდასხმები საქართველოს კანონიერ ხელისუფლებაზე, თუმცა ხსენებული განცხადებები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ამ ადამიანებს აქვთ ნათქვამი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესზე. განსაკუთრებული აგრესიით, ტრადიციულად, ჟიგიმანტას პავილიონისი გამოირჩევა, რომელმაც ჯერ კიდევ მაშინ „გამოიჩინა“ თავი, როდესაც პრემიერი გიორგი გახარია გადააყენეს მისმა პატრონებმა, რათა ამით რევოლუციური პროცესების ფორსირება მოეხდინათ. მაშინ ბატონმა პავილიონისმა ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამაგრებულ ძებნილ ნიკა მელიას მიაკითხა, შემდეგ კი თურქეთში ჩავიდა და მეორე ძებნილს, რევოლუციის მოსაწყობად საქართველოს საზღვართან მომდგარ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და მას ღიად აღმოუჩინა პოლიტიკური მხარდაჭერა. არადა, ჟიგიმანტას პავილიონისი ის პოლიტიკოსია, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში საკუთარ პოლიტიკურ გუნდთანაც ჰქონდა პრობლემები, ხოლო ლიეტუვის პრეზიდენტს ბოდიშის მოხდაც კი მოუწია მისი განცხადებების გამო. ამ ფაქტების გათვალისწინებით, რთულად წარმოსადგენია, რომ ჩვენს ქვეყანაში ზემოთ ხსენებული დასავლელი პოლიტიკოსების სტუმრობა მათ მიერ ხსენებულ მიზანს, ანუ „დასავლური კურსის“ მხარდაჭერას ემსახურებოდეს.
აშკარაა, რომ მათი მიზანი საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობა, პოლიტიკური პროცესისა და საზოგადოების პოლარიზება, რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერაა. როდესაც საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა კანონის პროექტი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ, იმთავითვე ითქვა, რომ კანონის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და გაძლიერებაა. ამ სულისკვეთებას პირდაპირ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით უცხოელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელთა მიზანი რადიკალიზმის ზრდა და ქვეყნის შიდა საქმეებში გაუმართლებელი ჩარევაა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციისთვის ჩამოსულ პოლიტიკოსებთან შეხვედრისგან. უფრო მეტიც, როდესაც დანამდვილებით ვიცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას“, – ნათქვამია განცხადებაში.