ნინო ლომჯარია ქართველი ფსევდოლიბერალის ტიპური ნიმუშია – აგენტი ნული ინტელექტით, ნული სინდისით და ნული სამშობლოს სიყვარულით, შესაბამისად, რამდენი ორდენიც არ უნდა ჩამოკიდონ, მისგან პოლიტიკური ლიდერი ვერ გამოითლება, ლომჯარია ცნობილი „ნაციონალია“ და მას შუაშისტად ვერავის შეასაღებ, იგივე შეიძლება ითქვას მისი თავმჯდომარეობით დაფუძნებული პლატფორმის წევრების უმრავლესობაზეც, – ამის შესახებ აღნიშნულია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
„გლობალური ომის პარტია „ქართულ ოცნებას“ მეორე ფრონტის არგახსნას არ პატიობს. ემოციური მხარე გვერდზეც რომ გადავდოთ, ისინი წინ იყურებიან და ბუნებრივია, ყველანაირად ცდილობენ, სამომავლოდ მაინც მოიყვანონ ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურა, რომელიც მათ ყველა დავალებას უპირობოდ მოაწერს ხელს. ეს ამოცანა მით უფრო აქტუალურია, რომ გლობალურ ომის პარტიას უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის შემდეგ ცეცხლის ახალი კერა აუცილებლად დასჭირდება.
ამ კუთხით, სიმბოლურია, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ნინო ლომჯარიაა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში „ბომბებით წვას“ საჯაროდ ნატრობდა. ლომჯარია ქართველი ფსევდოლიბერალის ტიპური ნიმუშია: აგენტი ნული ინტელექტით, ნული სინდისით და ნული სამშობლოს სიყვარულით. ლომჯარიას შემთხვევაში, ამას ნული ქარიზმაც ემატება. შესაბამისად, რამდენი ორდენიც არ უნდა ჩამოკიდონ, ლომჯარიასგან პოლიტიკური ლიდერი ვერ გამოითლება. ამიტომ, მისი პერსონა მაინცდამაინც დიდ ინტერესს არ იწვევს. თუმცა, ლომჯარიას პლატფორმის შექმნა საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ეს მოვლენა გლობალური ომის პარტიის საარჩევნო სტრატეგიას კიდევ ერთხელ შიფრავს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გლობალური ომის პარტიის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ფსევდოშუაშისტური პარტიის შექმნა იქნება. მთავარი მიზანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება და „ნაცმოძრაობის“, ანუ საკუთარი აგენტურის დაბრუნებაა. ისინი კარგად ხვდებიან, რომ თუ ბარიერს მხოლოდ „ქართული ოცნება“ და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ გადალახავენ, „ნაციონალები“ ძალაუფლებას ვერ დაიბრუნებენ. ამიტომ, საჭიროა შუაშისტის ტყავში გადაცმული ნაცების ახალი პლატფორმა, რომელიც ბარიერს გადალახავს და პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ე.წ. კოალიციას შექმნის.
ყველას გვახსოვს, ზუსტად იგივე მიზნით, როგორ შეაქმნევინეს 2021 წელს პარტია გიორგი გახარიას. ისიც შუა ხაზის დაჭერას ცდილობდა და საარჩევნო კამპანიას „არც ნაცი, არც ქოცის“ მესიჯით ატარებდა. თუმცა, საზოგადოებამ თამაში იოლად გაშიფრა და საბოლოოდ, გახარიამ არჩევნებში შვიდი პროცენტი მიიღო, საიდანაც „ქართული ოცნების“ ხმები ნახევარიც არ იყო. სინამდვილეში, გახარიას ხალხისთვის არავითარი ახალი ძალა და იდეოლოგია არ შეუთავაზებია და საკუთარი ოპოზიციური კარიერა ერთ წელიწადში უსახელოდ დაასრულა. მომავალ წელს მისი პარტია ერთ პროცენტსაც ვეღარ მიიღებს და ამიტომ, პატრონები მასზე გათვლას აღარ აკეთებენ. ერთადერთი, რაშიც პატრონებს გახარია გამოადგათ, 4 მუნიციპალურ საკრებულოში ნაცმოძრაობისთვის უმრავლესობის დალაგება იყო.
2020 წელს ზუსტად ასეთივე ფიასკოთი დასრულდა „ლელოს“ პროექტიც, რომელიც ასევე შუაშისტურ ხაზზე იყო გათვლილი. დღეს ხაზარაძის მისია იმით შემოიფარგლება, რომ რამდენიმე ბავშვი ჰყავს მიბარებული და საბა ბუაძეს, გრიგოლ გეგელიას და სხვა სასაცილო პერსონაჟებს პოლიტიკოსობანას ათამაშებს. ამ ბავშვებით და სალომე სამადაშვილით, 2024 წლის არჩევნებზე ბარიერთან მიახლოების რესურსი არც „ლელოს“ აქვს.
მოგვიანებით, გლობალური ომის პარტია ვიქტორ ყიფიანზე აკეთებდა აქცენტს. თუმცა, ჭკუა არ ეყოთ და შუაშისტური პლატფორმის შესაქმნელად, ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ადვოკატს ბაჩო ახალაიას ყოფილი მოადგილე, ნოდარ ხარშილაძე შეუწყვილეს. ყიფიანიც იმის ტიპური ნიმუშია, თუ როგორ ხალხზე აკეთებს აქცენტს გლობალური ომის პარტია. ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, რაშიც ძალიან დიდ ანაზღაურებასაც იღებდა. თუმცა, იმდენი მოახერხა, რომ ივანიშვილის ადვოკატობას თაღლითობა და ივანიშვილის მტრებთან „დამეგობრება“ შეუთავსა. ზუსტად ასეთ ადამიანებს ეძებს გლობალური ომის პარტია, ადამიანებს, რომელთათვისაც უცხოა სინდისი. პრინციპში, სინდისი თუ გაქვს, აგენტობაზე და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უცხო ქვეყნის სამსახურზეც ვერ მოაწერ ხელს. საბოლოოდ, გლობალურ ომის პარტიას იმედები ვერც ვიქტორ ყიფიანმა გაუმართლა და მათაც ახალი ვარიანტის ძებნა დაიწყეს.
ამ მისიისთვის ნინო ლომჯარიას შერჩევაც ზუსტად ისეთივე უხეში შეცდომაა, როგორც თავის დროზე ხაზარაძეზე, გახარიაზე და ყიფიანზე აქცენტის გაკეთება იყო. ლომჯარია ცნობილი „ნაციონალია“ და მას შუაშისტად ვერავის შეასაღებ. იგივე შეიძლება ითქვას მისი თავმჯდომარეობით დაფუძნებული პლატფორმის წევრების უმრავლესობაზეც. მაგალითად, ნიკა მემანიშვილის პოლიტიკური ორიენტაცია საყოველთაოდ ცნობილია. დათო ტურაშვილი სუსტი ნებისყოფის კაცია და მისი გულის მოგებას დიდი რესურსი არ სჭირდება. ამიტომაა, რომ დღეს ის ფსევდოლიბერალურ აუდიტორიას კეზერაშვილის ტელევიზიიდან პოლიტიკაზე და მაღალ მატერიებზე მოძღვრავს.
ამ მხრივ, ნინო ხარატიშვილი და გია დვალი შედარებით მომგებიანი პერსონები არიან. მათი ოპოზიციური პოლიტიკური შეხედულებებიც ცნობილია, თუმცა, ჯერჯერობით ნაციონალებად არ პოზიციონირებენ. ცოტა ხანში გაირკვევა, ისინი ვერ ხვდებიან, ვინ არის ლომჯარია და რა პროცესში შედიან, თუ შეგნებულად უერთდებიან კოლექტიურ ნაცმოძრაობას. ისიც მალე გაირკვევა, არიან თუ არა ისინი დამძიმებული ვალდებულებებით. თუ ისინი ამ ნაბიჯს ვითარების არცოდნის გამო და ვალდებულებების გარეშე დგამენ, მათ ჯერ კიდევ აქვთ შანსი, იმ გზას არ დაადგნენ, რომელმაც ხაზარაძე, გახარია და ყიფიანი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ასეც და ისეც, აგენტობაზე ხელის მოწერას და კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან მიერთებას არავის ვუსურვებთ“,- აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
ყოფილმა სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დააფუძნა.