„ხალხის ძალა“ - „გლობალური ომის პარტია“ სააკაშვილში თუ დაინახავს მეტ რესურსს, შეაწყალებინებენ ზურაბიშვილს, ხოლო თუ - სალომეში, მაშინ ციხეში დარჩება, სალომე გადადგება და „ლელოსთან“ ერთად არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
„ხალხის ძალა“ - „გლობალური ომის პარტია“ სააკაშვილში თუ დაინახავს მეტ რესურსს, შეაწყალებინებენ ზურაბიშვილს, ხოლო თუ - სალომეში, მაშინ ციხეში დარჩება, სალომე გადადგება და „ლელოსთან“ ერთად არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის აგენტურა, რომელიც ერთი ცენტრიდან იმართება და კოორდინირდება.

„ყველას გვახსოვს, რომ „გლობალურმა ომის პარტიამ“ სააკაშვილის დასახსნელად თავის დროზე ლამის მთელი თავისი ევროპული აგენტურა ფეხზე დააყენა. ამ ხაზის გაგრძელება მათ ახლაც შეუძლიათ, თუმცა, ჩანს, რომ მათი საარჩევნო სტრატეგია ახლა არა სააკაშვილზე, არამედ სხვა რამეზეა გათვლილი. სააკაშვილის გათავისუფლება რომ უნდოდეთ, სალომე ზურაბიშვილს მას ნებისმიერ მომენტში შეაწყალებინებდნენ, თუმცა ხედავენ, რომ „ნაცმოძრაობა“ ღრმა კრიზისშია ჩაფლული და ჭაობიდან მას ვერც ბელადის გათავისუფლება ამოიყვანს. სააკაშვილით თუ მის გარეშე, „ნაცმოძრაობა“, მაქსიმუმ, 30-35 მანდატს მიიღებს პარლამენტში, ასეთ პირობებში კი მმართველი ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობას იოლად მოიპოვებს“, – ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „გლობალური ომის პარტია“ აქცენტს უფრო მეტად არა სააკაშვილზე, არამედ სალომე ზურაბიშვილზე აკეთებს.

„მათი გათვლით, 2021 წელს „დავერბოვკებული“ სალომე „ლელოს“ უნდა მიუერთონ და ამ ერთობას 5-პროცენტიანი ბარიერი უნდა გადაალახინონ. იმ შემთხვევაში კი, თუ სალომეს სააკაშვილს შეაწყალებინებენ, მას იმ მწირ რესურსსაც გააფლანგინებენ, რომელიც დღეისათვის აქვს შეკოწიწებული. სალომესა და სააკაშვილს შორის საბოლოო არჩევანს „გლობალური ომის პარტია“ არჩევნებამდე ორიოდე თვით ადრე გააკეთებს. თუ სააკაშვილში დაინახავენ მეტ საარჩევნო რესურსს, მას სალომეს შეაწყალებინებენ, ხოლო თუ სალომეში – სააკაშვილი ციხეში დარჩება, სალომე სექტემბერში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგება და „ლელოსთან“ ერთად საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისად, „გლობალური ომის პარტია“ ჯერჯერობით ბალანსს იცავს, სააკაშვილის არარსებულ ღირსებაზე საუბრობს და შეწყალების საკითხს ღიად ტოვებს. უფრო მაღალი ალბათობით, საბოლოოდ არჩევანი მაინც სალომე-„ლელოს“ ალიანსზე შეჩერდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, „ხალხის ძალის“ განცხადებაში საუბარია, რომ „პარალელურად, „გლობალური ომის პარტია“ გვარამია-მელიას გაერთიანებაზეც მუშაობს“.

„თუ ჩათვლიან, რომ მათ 5-პროცენტიანი ბარიერის დამოუკიდებლად გადალახვის რესურსი აქვთ, ცალკე მიაღებინებენ არჩევნებში მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათაც სალომე-„ლელოს“ ბლოკს მიუერთებენ. რამდენად შეძლებს „გლობალური ომის პარტია“ გამოცდილი ქართული საზოგადოების თვალში სალომეს, ხაზარაძის, გვარამიასა და მელიას შუაშისტურ ძალად წარმოჩენას, ეს ცალკე საკითხია. ფაქტია, რომ 2016, 2020 და 2021 წლებში მათ შუაშისტის სახელი ვერც ბოკერიას „ევროპულ საქართველოს“, ვერც ხაზარაძის „ლელოს“ და ვერც გახარიას პარტიას მიაწებეს. დიდი ალბათობით, ფსევდოშუაშისტური გაერთიანების წარმატების მორიგი მცდელობაც წარუმატებლობით დასრულდება. მთავარია, საზოგადოება ყველაფერს გულდასმით დააკვირდეს, რომ ვერცერთმა ფსევდოშუაშისტურმა პარტიამ 5-პროცენტიანი ბარიერიც კი ვერ გადალახოს“, – აღნიშნულია მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.