„ხალხის ძალა“ - ევროკავშირის მიერ შექმნილი კრიზისით ვერსარგებლობა ტვინისგან დაცლილი ოპოზიციის შედეგია თუ ხელისუფლების გამჭრიახობის, ეს ცალკე საკითხია
რადიკალურმა ოპოზიციამ გუშინ რატომღაც გადაწყვიტა, საზოგადოებისთვის მთელი რიგი აღიარებითი ჩვენებები მიეცა. რამდენიმე რადიკალმა გულახდილად აღიარა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ ემხრობა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი.
„ხალხის ძალის“ განცხადებით, ამას დაემატა ხათუნა სამნიძის აღიარება იმის შესახებ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ევროპაში კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებდნენ, რასაც ხელისუფლება თვეების განმავლობაში ამტკიცებდა.
მათივე თქმით, ყველაზე გამორჩეული აღიარება კი თამარ ჩერგოლეიშვილს და, შესაბამისად, გიგა ბოკერიას ეკუთვნით.
„ყველაზე გამორჩეული აღიარება კი თამარ ჩერგოლეიშვილს და, შესაბამისად, გიგა ბოკერიას ეკუთვნით, რომლებმაც განაცხადეს, ტვინისგან დაცლილმა ოპოზიციამ „ევროკავშირის მიერ შექმნილი კრიზისით“ სარგებლობა ვერ მოახერხაო. ევროკავშირის მიერ შექმნილი კრიზისით ვერსარგებლობა ტვინისგან დაცლილი ოპოზიციის შედეგია თუ ხელისუფლების გამჭრიახობის, ეს ცალკე საკითხია. ჩვენ უფრო მეორე ვერსიისკენ ვიხრებით, თუმცა ერთი მეორეს საერთოდ არ გამორიცხავს. აქ მთავარი ისაა, რომ ორმა წარჩინებულმა უცხოელმა აგენტმა ზუსტად ის აღიარა, რასაც ჩვენ ამდენი ხნის მანძილზე ვამტკიცებდით – 2021 და 2022 წლის კრიზისები სწორედ ევროკავშირის ხელით შეიქმნა. ყველას გვახსოვს, როგორ უწოდეს ჩვენმა „დაუძინებელმა მეგობრებმა“ პოლიტიკური კრიზისი ოპოზიციის საპარლამენტო საბოტაჟს, რითაც ხელისუფლება აიძულეს, 43-პროცენტიან ბარიერს დათანხმებოდა და რიგგარეშე არჩევნების რისკზე წასულიყო.
როდესაც 2021 წლის გეგმა ჩავარდა, 2022 წელს მათ უკვე კრიზისის ახალი ინსტრუმენტი გამოიგონეს. უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი დღის თავზე ომში გახვეულ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადის შეტანა შესთავაზეს. ეს ყველაფერი კი იმით გაგრძელდა, რომ უკრაინასა და დსთ-ის წევრ მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მისცეს, საქართველოს კი – არა, რაც დღემდე რადიკალური ოპოზიციისთვის რადიკალიზმისა და პოლარიზაციის გაღვივების ერთადერთ ეფექტურ ხელოვნურ ინსტრუმენტად რჩება. ბოკერიასა და ჩერგოლეიშვილს ამ აღიარებისთვის ჩვენი დიდი მადლობა ეკუთვნით. მათ იმაშიც ვეთანხმებით, რომ ოპოზიციამ ევროკავშირის მიერ შექმნილი კრიზისით სარგებლობა ვერ შეძლო, ანუ ეს კრიზისი უკვე ჩავლილი ამბავია და თუ საქართველოს დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, ეს მხოლოდ იმის გამო მოხდება, რომ კრიზისის ამ ინსტრუმენტმა თავისი თავი უკვე ბოლომდე ამოწურა“, – აცხადებენ „ხალხის ძალაში“.
მათივე თქმით, აქვთ სარწმუნო ინფორმაცია, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება უკვე საბოლოოდ გადაწყდა.
„გვაქვს სრულიად სარწმუნო ინფორმაცია, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება უკვე საბოლოოდ გადაწყდა. სწორედ ამის გამო იკრიბებიან სალომე ზურაბიშვილთან კოლექტიური ნაცმოძრაობის სხვა წარმომადგენლები, რომ უკვე გადაწყვეტილი საკითხი როგორმე მას მიაწერონ. დასასრულ, გვინდა დავსვათ ნახევრად რიტორიკული შეკითხვა, რომელსაც ბოკერიამ და ჩერგოლეიშვილმაც შეიძლება, გასცენ აღიარებითი პასუხი: რატომ ქმნის ევროკავშირი კრიზისებს იმისათვის, რომ ხელისუფლებაში ტვინისგან, სინდისისგან და სამშობლოს სიყვარულისგან დაცლილი პოლიტიკოსები მოაბრუნოს? დარწმუნებული ვართ, რომ ეს ყველაფერი ქართველი ხალხის მიმართ კეთილი განზრახვით არ კეთდება“, – ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.