ხადას ხეობაში ოთხი წლის ბავშვის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსის, თემურ მონიავას განცხადებით, ხადას ხეობაში ოთხი წლის ბავშვის სამძებრო სამუშაოებში 25-მდე მაშველი მონაწილეობს.
„სამი დღეა მიმდინარეობს სამუშაოები. გუშინ წინ ვიპოვეთ გარდაცვლილი ქალბატონის ცხედარი. გუშინ ვიპოვეთ გარდაცვლილი მამაკაცი, მაგრამ მესამე ადამიანის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს. საძიებო სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე დღის სინათლე მოგვცემს საშუალებას. როგორც კი დაღამდება, იმდენად რთული რელიეფია, რომ მაშველებს უჭირთ გადაადგილება და ასევე მხედველობა არის ფაქტობრივად ნული.
მთლიანი ხეობა არის დაახლოებით 10 კილომეტრი და 99 პროცენტი მთლიანად გადათვალიერებული გვაქვს, უბრალოდ არის ერთი ორი ადგილი, რომელიც მეწყერული ზონაა და იქ ადამიანი ვერ შედის და ტექნიკის საშუალებით, მაგალითად დრონით ვახორციელებთ ძებნას. თუ ვერ მივაგენით კვალს, ხვალ გამთენიისას გავარძელებთ“,- განაცხადა მონიავამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ივლისს 112-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. ბავშვის მშობლები, საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი დაღუპული იპოვეს, ბავშვის პოვნა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მიმდინარე გამოძების ფარგლებში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.
ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდნენ.