კერსტი კალიულაიდი - უსაფრთხოება თუ გვსურს, საქართველო უნდა მონაწილეობდეს ევროკავშირის გაფართოებაზე დისკუსიებში
თუ ჩვენ გვსურს უსაფრთხოება, როგორც საერთო სიკეთე, საქართველო სულ მცირე, უნდა მონაწილეობდეს ევროკავშირის გაფართოების შესახებ დისკუსიებში, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
კერსტი კალიულაიდის თქმით, საქართველოს ჩართულობა ევროპაში უსაფრთხოებას გააძლიერებს და გაფართოებაზე საუბრისას ბალკანეთთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიც უნდა მოიაზრებოდეს.
„გავრცელებულია აზრი, რომ თუ შენ ნაწილობრივ ოკუპირებული ხარ რუსეთის მიერ, შენი კარი დახურულია და არ შეგიძლია ევროკავშირში გაწევრიანება. მინდა პარალელი გავავლო 2008 და 2014 წლებს შორის. ყირიმი მოხდა, რადგან საქართველოს შემდეგ ჩვენი რეაქცია იყო – არ ინერვიულოთ, საქმე ჩვეულებრივად არის. ამას მოჰყვა ყირიმი. ევროპაში ბევრი ადამიანი და მათ შორის პოლიტიკოსი აცხადებს, რომ როგორ შეიძლება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ის ხომ ნაწილობრივ ოკუპირებულია, ადანაშაულებენ მსხვერპლს. ეს ნიშნავს, რომ სიგნალი აშკარაა; თუ არ გინდა, რომ ვინმე ევროკავშირში გაწევრიანდეს, მოახდინე მისი ოკუპაცია. არ ვფიქრობ, რომ ამ გზავნილის გაშვება გვსურს აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის. თუ გვსურს, უკრაინამ რეფორმები გაატაროს, ებრძოლოს კორუფციას, მაშინ სულ მცირე ხელი უნდა გავუწოდოთ საქართველოს. არ ვამბობ, რომ მივცეთ აშკარა პერსპექტივა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს ამასაც შევძლებთ, მაგრამ ბალკანეთთან ერთად, უნდა ვისაუბროთ გაფართოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით“, – აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.