არასახელმწიფო საპენსიო დანაზოგებიდან უკან გატანილი თანხა ბოლო ერთ წელში მილიონი ლარით გაიზარდა.
2017 წლის 9 თვის მონაცემებით, საპენსიო დანაზოგი 22 922 ადამიანს აქვს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საპენსიო შენატანებთან ერთად გაზრდილია უკან გატანილი თანხების მოცულობაც.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური მონაცემებით, 9 თვეში უკან გატანილმა თანხამ 2 მილიონ 567 388 ლარი შეადგინა, მაშინ როცა წინა წლის 9 თვეში მხოლოდ მილიონ 413 020 ლარი იყო.
რაც შეეხება საპენსიო შენატანებს, სულ 9 თვეში შეტანილმა დანაზოგებმა 4 მილიონ 249 117 ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი შენატანების მოცულობა 2 მილიონ 600 433 ლარი იყო.
ამ დროისთვის არასახელმწიფო საპენსიო სქემა ორ სადაზღვევო კომპანიას „ალდაგსა“ და „ჯი პი აი ჰოლდინგს” აქვს. პროფესიული საპენსიო სქემა კი მხოლოდ შპს “საქაერონავიგაციას” აქვს, სადაც საპენსიო დანაზოგის შეტანის უფლება მხოლოდ ამ კომპანიის თანამშრომლებს აქვთ.
როგორც დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, ყველა კომპანიას უფლება აქვს საკუთარ თანამშრომლებს პროფესიული საპენსიო სისტემა შესთავაზოს, სადაც ყოველთვიური შენატანების ოდენობას თავად კომპანია განსაზღვრავს. აღსანიშნავია, რომ არასახელმწიფო საპენსიო რეზერვები 2017 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 25 მილიონ ლარს აჭარბებს.