კენტუკის შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა
კენტუკის შტატის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა. კენტუკის გუბერნატორ ენდი ბეშირის ცნობით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა შორის ოთხი ბავშვია.
ძლიერი წვიმა რეგიონში 27 ივლისიდან გრძელდება. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა გზები და საცხოვრებელი სახლები.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კენტუკი კატასტროფის ზონად გამოაცხადა და სტიქიის შედეგად დაზარალებულების დახმარებისთვის საჭირო თანხების ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფის განკარგულება გასცა.
ბოლო შვიდი თვის განმავლობაში კენტუკის უკვე მეორე ბუნებრივი კატასტროფა დაატყდა თავს. დეკემბერში შტატის დასავლეთ ნაწილს ტორნადოებმა გადაუარა, რასაც 80-მდე ადამიანი ემსხვერპლა.