კენიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკან გაიწვევს გადასახადების გაზრდის შესახებ კანონპროექტს, რომელსაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა
კენიის პრეზიდენტი უილიამ რუტო აცხადებს, რომ უკან გაიწვევს გადასახადების გაზრდის შესახებ კანონპროექტს, რომელსაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, კენიელებს აღნიშნული კანონპროექტი არ სურთ, ამიტომ იგი კანონპროექტს ხელს არ მოაწერს და, შესაბამისად, დოკუმენტი უკან იქნება გაწვეული. რუტოს თქმით, იგი აპირებს ახალგაზრდებთან დიალოგის დაწყებას და ანტიკრიზისულ ეკონომიკურ ზომებზე მუშაობას.
ცნობისთვის, 25 ივნისს კენიაში კანონპროექტის საწინააღმდეგო დემონსტრაციისას, სულ მცირე, 22 ადამიანი დაიღუპა. ნაირობიში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა აქციის მონაწილეებს, რომლებმაც პარლამენტში შეჭრა სცადეს და შენობას ცეცხლი წაუკიდეს.
ნაირობისა და კენიის სხვა ქალაქებში გასული კვირის შემდეგ დემონსტრანტები კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომელიც გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებდნენ, რომ ის კენიელების საცხოვრებელ ხარჯებს კიდევ უფრო გაზრდიდა. მთავრობის გეგმის მიხედვით, ახალ კანონს ქვეყნის ბიუჯეტისთვის გადასახადების სახით დამატებით 2,7 მილიარდი დოლარი უნდა მოეტანა, რაც საბიუჯეტო დეფიციტისა და სახელმწიფო სესხის შესამცირებლად იყო საჭირო.