კენიის ერთ-ერთ სკოლაში ხანძარს 17 მოსწავლე ემსხვერპლა, ხოლო 14 დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ცხედრები იმდენადაა დაზიანებული, რომ მსხვერპლის ამოცნობა ვერ ხერხდება. სავარაუდოა, რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაიზრდება, რადგან ათზე მეტი პირი მძიმე დამწვრობით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილას გაგზავნილია დამატებითი სამაშველო ძალები, ხოლო ხელისუფლება დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
„წითელი ჯვარი“ მოსწავლეებს, მასწავლებლებს და დაზარალებულთა ოჯახებს ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევს. ამასთან, სკოლაში მოეწყო პუნქტი, რომელიც დაკარგულთა სამძებრო ოპერაციისთვის არის განკუთვნილი.
პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, გამოძიება მიმდინარეობს.