კენიის დედაქალაქში მთავრობის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკება მოხდა, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
კენიის დედაქალაქ ნაირობიში მთავრობის მხარდამჭერ და მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ქალაქში დაიხურა კომერციული დაწესებულებები, სახელმწიფო ინსტიტუტებთან, მათ შორის პარლამენტთან, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები ნაირობის აეროპორტისკენ მსვლელობას გეგმავენ. კენიის პოლიცია მათ მოუწოდებს, თავი შეიკავონ აკრძალულ ზონებში მისვლისგან, მათ შორის აეროპორტებში.
დემონსტრანტები პრეზიდენტ ვილიამ რუტოს გადადგომას და რეფორმების ჩატარებას ითხოვენ, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ.
კენიაში დემონსტრაციები გადასახადების გაზრდის კანონპროექტის წინააღმდეგ ივნისში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ივნისის ბოლოს პრეზიდენტმა უილიამ რუტომ კანონპროექტი უკან გაიწვია, საპროტესტო გამოსვლები მისი გადადგომის მოთხოვნით გაგრძელდა.