კენიაში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა აქციის მონაწილეებს, რომლებმაც პარლამენტში შეჭრა სცადეს, დაღუპულია, სულ მცირე, ხუთი დემონსტრანტი
კენიაში გადასახადების გაზრდის ინიციატივის წინააღმდეგ გამოსულმა დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოში შეჭრა სცადეს, რა დროსაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა, შედეგად, სულ მცირე, ხუთი დემონსტრანტი დაიღუპა. დაშავებულია ათობით პირი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მომხდარის შემდეგ კენიის პრეზიდენტმა, უილიამ რუტომ აღნიშნა, რომ უსაფრთხოება მისი „უმაღლესი პრიორიტეტი“ იყო.
კენიის დედაქალაქის გარდა, საპროტესტო აქციები სხვა ქალაქებშიც გაიმართა. დემონსტრანტები გადასახადების გაზრდის შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევას და პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კენიის დედაქალაქში პოლიციამ აქციის მონაწილეებს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნა, რაც ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით ვერ დაშალა. საბოლოოდ, პოლიციამ აქციის მონაწილეებს პარლამენტის ტერიტორია მაინც დაატოვებინა, დეპუტატების ევაკუაცია კი მიწისქვეშა გვირაბით განხორციელდა.
პარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტში შეთავაზებულ ცვლილებებს, თუმცა ამოიღეს ინიციატივა, რომელიც ავტომობილის ფლობაზე გადასახადის დაწესებას ითვალისწინებდა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მთავრობის გეგმის მიხედვით, ახალმა კანონმა ქვეყნის ბიუჯეტს გადასახადების სახით დამატებით 2,7 მილიარდი დოლარი უნდა მოუტანოს და ეს ძალისხმევა მიმართულია საბიუჯეტო დეფიციტისა და სახელმწიფო სესხის შესამცირებლად.