კენიაში მეწყერს 56 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის 10-ზე მეტი მცირეწლოვანია. გარდა ამისა, ათობით პირი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აფრიკულ ქვეყანაში რამდენიმე ადგილას მეწყერი ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.
სტიქიას კენიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კერძოდ პოტოკის ოლქში 22 ნოემბრიდან ებრძვიან. უკანასკნელ 24 საათში ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა. ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ ოთხი ხიდი წაიღო. შედეგად რამდენიმე დასახლებასთან კომუნიკაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.
როგორც ადგილობრივი სინოპტიკოსები იუწყებიან, უახლოეს დღეებში კენიაში ძლიერი წვიმა კვლავ არის მოსალოდნელი, რამაც შესაძლოა, უპრეცენდენტო მასშტაბების სტიქია გამოიწვიოს. ამჟამად სტიქიის ზონაში, სამაშველო და სამძებრო სამუშაოებში საგანგებო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად სამხედრო მოსამსახურეებიც არიან ჩართულნი.