კენიაში გადასახადების გაზრდის სამთავრობო გეგმის საწინააღმდეგო აქციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა და, სულ მცირე, 200 დაშავდა
ერთი ადამიანი დაიღუპა და, სულ მცირე, 200 დაშავდა კენიაში გადასახადების გაზრდის სამთავრობო გეგმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების დროს. ქვეყნის მასშტაბით დაკავებულია 100-ზე მეტი პირი.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ უფლებადამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დედაქალაქ ნაირობიში პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ამასთან, როგორც „ამნესთი ინთერნეიშენალი“ და კენიის სამედიცინო ასოციაცია აღნიშნავენ, ნაპოვნი ვაზნები მიუთითებს, რომ გამოყენებული იყო საბრძოლო ტყვიებიც.
პოლიციის ცნობით, გარდაცვლილი 29 წლის მამაკაცია. ის საავადმყოფოში თეძოს არეში მიღებული დაზიანებით გარდაიცვალა. ამასთან, პოლიციის ანგარიშში არ არის დაკონკრეტებული, როგორ მიიღო მან დაზიანება.
დემონსტრანტები მთავრობისგან კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვენ, რომელიც გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ის კენიელების საცხოვრებელ ხარჯებს კიდევ უფრო გაზრდის. თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს, რომ კენიის მთავრობამ უნდა გაზარდოს შემოსავალი, რათა შეამციროს საბიუჯეტო დეფიციტი და სახელმწიფო სესხები.
მიმდინარე კვირის დასაწყისში პრეზიდენტმა უილიამ რუტომ მხარი დაუჭირა ზოგიერთი ახალი გადასახადის გაუქმებას, მათ შორის ავტომობილის ფლობაზე, პურზე, ზეთსა და ფინანსურ ტრანზაქციებზე.
პარლამენტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით ხუთშაბათს დაამტკიცა.