კენიაში გადასახადების გაზრდის ინიციატივის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების მიმართ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა
კენიის დედაქალაქ ნაირობისა და სხვა ქალაქებში პოლიციამ გადასახადების გაზრდის ინიციატივის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების მიმართ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაშავებულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი.
უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია პარლამენტთან, სადაც კანონმდებლები გადასახადების გაზრდის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ, ასევე, სხვა სახელმწიფო შენობებთან.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს დემონსტრაციებისა და საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდებენ. გადასახადების გაზრდის შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევასთან ერთად, მომიტინგეები პრეზიდენტ უილიამ რუტოს გადადგომასაც ითხოვენ.
პარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტში შეთავაზებულ ცვლილებებს, თუმცა ამოიღეს ინიციატივა, რომელიც ავტომობილის ფლობაზე გადასახადის დაწესებას ითვალისწინებდა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
მთავრობის გეგმის მიხედვით, ახალმა კანონმა ქვეყნის ბიუჯეტს გადასახადების სახით დამატებით 2,7 მილიარდი დოლარი უნდა მოუტანოს და ეს ძალისხმევა მიმართულია საბიუჯეტო დეფიციტისა და სახელმწიფო სესხის შესამცირებლად.
კანონპროექტში გარკვეუული ცვლილებების მიუხედავად, საპროტესტო აქციის მონაწილეები მის სრულად გაწვევას ითხოვენ. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ის კენიელების საცხოვრებელ ხარჯებს უფრო გაზრდის.