კენიაში გადასახადების გაზრდის ინიციატივის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა
კენიაში გადასახადების გაზრდის ინიციატივის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა

კენიაში გადასახადების გაზრდის ინიციატივის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა. გავრცელებული ცნობით, არიან დაჭრილები.

აქცია იმართება პარლამენტის შენობასთან. დემონსტრანტებმა ჯერ საკანონმდებლო ორგანოში შეჭრა სცადეს, შემდეგ კი შენობას ცეცხლი წაუკიდეს. გადასახადების გაზრდის შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევასთან ერთად, მომიტინგეები პრეზიდენტ უილიამ რუტოს გადადგომასაც ითხოვენ.

პარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტში შეთავაზებულ ცვლილებებს, თუმცა ამოიღეს ინიციატივა, რომელიც ავტომობილის ფლობაზე გადასახადის დაწესებას ითვალისწინებდა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

მთავრობის გეგმის მიხედვით, ახალმა კანონმა ქვეყნის ბიუჯეტს გადასახადების სახით დამატებით 2,7 მილიარდი დოლარი უნდა მოუტანოს და ეს ძალისხმევა მიმართულია საბიუჯეტო დეფიციტისა და სახელმწიფო სესხის შესამცირებლად.