კელი დეგნანმა სოფელ ოძისის 73-ე სკოლაში ამერიკული თარო გახსნა [ფოტო]
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა სოფელ ოძისის 73-ე სკოლაში ამერიკული თარო გახსნა. სივრცე მკითხველს მიაწვდის ინფორმაციას და შესთავაზებს მოსწავლეებს მრავალფეროვან რესურსსა და აქტივობებს. ამასთან, აშშ-ის საელჩოს ჩართულობით, მოწვეული ლექტორები პერიოდულად სემინარებსაც გამართავენ.
როგორც აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოძისში გახსნილი ამერიკული თარო არის რიგით მე-16 სივრცე საქართველოს მასშტაბით, რომელიც მხარდაჭერილია საელჩოს მიერ.
„ძალიან ვამაყობთ, რომ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ საზოგადოებას, რომელიც იძულებულია, იცხოვროს საქართველოს აგრესიული მეზობლისა და მჩაგვრელის, რუსეთის ჩრდილში. გამყოფ ხაზთან ცხოვრება მუდმივი შეხსენებაა საქართველოსთვის რუსეთის მიერ საქართველოსადმი შეუსრულებელი პირობებისა და 2008 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ. ეს ხაზი, რომელიც აგრძელებს ოჯახებისა და მეგობრების გაყოფას, არის ამის მუდმივი შეხსენება. ჩვენ ვიცით, რომ ამ მხარეს მცხოვრები გამძლე, მამაცი და ნიჭიერი ხალხი ძალისხმევას არ იშურებს უკეთესი მომავლისთვის.
ამერიკულ თაროში მოვიტანეთ წიგნები, თამაშები, სხვადასხვა რესურსი, რომლებსაც, ვიმედოვნებთ, ამ თემის მოსწავლეები და უფროსები გამოიყენებენ. ეს იქნება მე-16 ამერიკული სივრცე, რომელიც გვაქვს საქართველოს მასშტაბით. აქ არის რესურსები ქართველებისთვის, რომლებსაც სურთ ინგლისური ენის სწავლა, ცოდნის გაზიარება, სურთ, დაეხმარონ თავიანთ ბიზნესს გაფართოების თვალსაზრისით. ეს არის საქართველოში ჩვენს მეგობრებთან ღრმა პარტნიორობის კიდევ ერთი მაგალითი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ამერიკული კუთხე და თარო საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში 2003 წლიდან ეტაპობრივად იხსნება.