კელი დეგნანის შეხვედრა საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორთან და ჟურნალისტებთან
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საზოგადოებრივ მაუწყებელს ესტუმრა და საქართველოს პირველი არხის სამუშაო პროცესს გაეცნო. კელი დეგნანი ჟურნალისტებს მიესალმა, რის შემდეგაც შეხვედრა გამართა საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორთან, თინათინ ბერძენიშვილთან და ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელთან, გიორგი გვიმრაძესთან.
თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, კელი დეგნანის სტუმრობა პროფესიონალური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იყო.
„ბევრი ვისაუბრეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც დემოკრატიის ქვაკუთხედის როლზე ქვეყანაში, ჟურნალისტიკის თავისუფლებაზე და იმ მაღალ სტანდარტებზე, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ქმნის და განავითარებს ქვეყანაში. ასევე, ვისაუბრეთ ზოგადად მედიაგარემოზე და ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორულ ურთიერთობებზე, რომლებიც ერთგვარად გარანტია იქნება ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებისა და იმ დემოკრატიული ღირებულებების იმპლემენტაციის, რომელიც ჩვენ, როგორც ქვეყანას გვინდა“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერ ჯანსაღ დემოკრატიაში.
„ძალიან სასიამოვნო იყო ქალბატონ თინათინ ბერძენიშვილთან და ბატონ გიორგი გვიმრაძესთან შეხვედრა და მათგან საზოგადოებრივი მაუწყებლის გეგმების შესახებ მოსმენა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნებისმიერ ჯანსაღ დემოკრატიაში და საზოგადოებას აწვდის ნეიტრალურ, დაბალანსებულ, ზუსტ ინფორმაციას, ზრუნავს საზოგადოების განათლებაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, მათ შორის, ისტორიასა და კულტურაზე“,- განაცხადა კელი დეგნანმა.